FAO-მ გაეროს გლობალური მიზნების მისაღწევად საჭირო ხედვები წარადგინა

0

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების პრინციპებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ,  გაეროს გლობალური მიზნების მიღწევაში სურსათისა და სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, FAO-ს მიერ ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად გლობალური მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერებას  ისახავს. პროექტის საბოლოო დოკუმენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორწლიანი სამუშაო გეგმა იქნება, რომლის წარდგენა 2018 წლის გაზაფხულზე მოხდება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნინა სარიშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ახალი გლობალური დღის წესრიგი შეიმუშავა, რომელიც მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს 2030 წლამდე განსაზღვრავს. გაეროს გლობალური მიზნები 17 ძირითადი კომპონენტისგან შედგება და მათგან რამდენიმე უშუალოდ FAO-ს სტრატეგიულ გეგმაში ასახულ საკითხებს უკავშირდება. ესენია: ნულოვანი შიმშილი, გენდერული თანასწორობა, სუფთა წყალი და სანიტარია, მდგრადი მოხმარება და წარმოება, ზღვის რესურსებისა და დედამიწის ეკოსისტემების ხელშეწყობა და შენარჩუნება.

კომენტარები

კომენტარი