ლევან დავითაშვილი: ოპტიმიზაცია კადრებისა და თანხების კუთხითაც მოხდება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანონპროექტით იქნება წარმოდგენილი.
როგორც მან აღნიშნა, გარემოს დაცვის სამინისტროს შეერთება არ ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, არამედ, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთიანდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
„სათაურიც ასეთი ფორმითაა წარმოდგენილი კანონპროექტში, თუმცა საბოლოოდ, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს. ეს იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე გარემოს დაცვის კომიტეტთან გვექნება საუბარი და კონსულტაციები. ასევე კონსულტაციები გვექნება პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტთან და ფრაქციასთან. ამიტომ, ჩვენ ჩვენს მოსაზრებას წარმოგიდგენთ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობის პოზიციაზე, თუმცა ეს პარლამენტთან უნდა შევაჯეროთ. ამაზე იქნება მსჯელობა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა თანხების ოპტიმიზაციაზეა საუბარია ამ გაერთიანებით, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის თვითმიზანი თანხების გამოთავისუფლება, ან ადამიანების სამსახურიდან გაშვება არ არის, თუმცა ოპტიმიზაცია კადრებისა და თანხების კუთხითაც მოხდება.
„თანხებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ეს გარკვეულწილად სპეკულაციის თემაა ხშირ შემთხვევაში ოპონენტების მხრიდან წამოწყებული. როდესაც საუბარია, განსაკუთრებით პოპულიზმით გაჟღერებულ ფრაზებზე, თანხების დიდი რაოდენობით დაზოგვაზე, პენსიებში მიმართვაზე და ა.შ. პირველ რიგში, ამოცანაა ეფექტიანი მართვა. დასახულ მიზანს და ფუნქციებს, რომელსაც ესა თუ ის სამინისტრო ატარებდა, რომ ჩვენ უფრო მეტად ეფექტიანად ვაღწევდეთ, უფრო მეტი შედეგი გვქონდეს და საბოლოოდ, ეფექტიანობა იზომება რა დანახარჯებით, რა რესურსებით რა შედეგს ვიღებთ. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჩვენი თვითმიზანი იყოს ამ შემთხვევაში თანხების გამოთავისუფლება, ან ადამიანების სამსახურიდან გაშვება. თუმცა, ოპტიმიზაცია კადრების და თანხების კუთხითაც მოხდება, რადგან ფუნქციების გაორება ვერ იქნება – ორი ადმინისტრაცია ერთ სამინისტროს ვერ ეყოლება. ამ შემთხვევაში ძირითადად საუბარია ადმინისტრაციული ბლოკების გაერთიანებაზე. როგორც აღვნიშნე, ორი ადმინისტრაცია ერთ სამინისტროს ვერ ეყოლება. ბუნებრივია, ორი ერთი და იგივე მხარდაჭერის დეპარტამენტი, ორი ფინანსური დეპარტამენტი და ა.შ. ვერ ეყოლება. აქ მარტივია, რომ ეს ეკონომია და ეს ოპტიმიზაცია იარსებებს, თუმცა ფუნქციური მიმართულებები, პირიქით, გასაძლიერებელია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, გარემოს დაცვითი მიმართულებით, ტყის მენეჯმენტის მიმართულებით, ზედამხედველობის მიმართულებით და ა.შ. ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. მთავარი ფუნქციები იქნება გაძლიერება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები