ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 13-15 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა.

როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს, ლივიუ დრაგნეას შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ლივიუ დრაგნეა პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას, ასევე, რუმინეთის სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ ტარიჩეანუსთან გამართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატთა პალატისა და სენატის ევროპულ საქმეთა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებს და რუმინეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ლივიუ იოან ადრიან პლესოიანუს შეხვდება.

ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტეოდორ მელესკანუსთან.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, „შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობისა და უსაფრთხოების” შესახებ გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბუქარესტში უცნობი ჯარისკაცის მონუმენტს გვირგვინით შეამკობს და ანთიმოზ ივერიელის ტაძარს დაათვალიერებს.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, კობა კობალაძე, ისკო დასენი, ბიძინა გეგიძე, ოთარ კახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები