ახალარჩეული მერი ლაშა კომახიძე დღეიდან უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ბათუმის ყოფილმა და ახლადარჩეულმა მერებმა  ბათუმის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. სასტუმრო „ჰილტონში” გამართულ ღონისძიებას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდნენ. მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით გიორგი ერმაკოვმა მიმართა. ყოფილმა მერმა გაწეული საქმიანობა შეაჯამა და ახლადარჩეულ მერს, ლაშა კომახიძეს წარმატებები უსურვა. ბათუმის ახალ მმართველს გიორგი ერმაკოვმა ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა. ქალაქ ბათუმის მერმა  ლაშა კომახიძემ კიდევ ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის ერთხელ მადლობა გადაუხადა.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ პატარაძეს, ჩემს ყოფილ კოლეგა მინისტრებს, თანამშრომლობისათვის, მეგობრობისათვის და იმ სასიკეთო საქმეებისათვის, რომლებსაც ერთად ვაკეთებდით თვეების განმავლობაში და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო და კეთილი სიტყვები ვთქვა მომავალი კოლეგების, საკრებულოს დეპუტატების მიმართ, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი გამარჯვებისათვის. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გვისაუბრია იმაზე, რომ ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი, რთული ტერიტორიული, სოციალური და ეკონომიკური სისტემა, რომელიც მუდმივად ვითარდება, ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ქალაქს მუდმივად სჭირდება მზრუნველობა და ყურადღება, როგორც ბავშვს, როგორც მეგობარს, როგორც ადამიანს. ამიტომ, მე, პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვარ გამოწვევებისათვის, იმ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის, რომელსაც ვაძლევდით ჩვენ მოსახლეობას”,- განაცხადა ლაშა კომახიძემ.

„ჰილტონში“ გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა. ზურაბ პატარაძემ ყურადღება ერთობლივი ძალისხმევით რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის ზრუნვაზე და ამ ფერხულში ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტურ ჩართულობასა და როლზე გაამახვილა. ზურაბ პატარაძის თქმით,  ბათუმის მერი ლაშა კომახიძე არის ეფექტური მენეჯერი და განახლებულ საკრებულოსთან ერთად იგი ბევრი ახალი, საზოგადოებისათვის საჭირო ინიციატივისა და პროექტის განმახორციელებელი იქნება.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერის უფლებამოსილების შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები