დავით ნარმანიამ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიამ EBRD-ის და E5P-ის ხელშეწყობით, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე MAN-ის 143 ავტობუსი შეიძინა, რომლებიც 12 ხაზზე გადანაწილდა. დედაქალაქის მერის თქმით, 70–იანი წლების შემდეგ პირველად აშენდა და გაიხსნა მასშტაბური მუნიციპალური ავტობაზა, რომელიც ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. მისივე თქმით, თბილისში 340 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსაცდელი უკვე დამონტაჟებულია, საბოლოოდ კი, დედაქალაქში 700 მოსაცდელი მოეწყობა.
რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის გადახდის სისტემას, დავით ნარმანიას თქმით, 2018 წლის ივლისიდან დედაქალაქის მთავრობა მგზავრებს ავტობუსების სამარშრუტო სქემის მართვის თანამედროვე და უფრო მოსახერხებელ ელექტრონულ გადახდის სისტემას შესთავაზებს.
დავით ნარმანიამ თბილისის მეტროში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაცია.
„ამ დროისთვის მოდერნიზაცია ჩაუტარდა 12 ვაგონს, 32 კი გარემონტდა. დამატებით 12 ვაგონის შეკეთებაზე კი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. გარდა ამისა, კაპიტალურად გარემონტდა მეტროსადგურები – „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“; დაწყებულია „ავლაბრის”, “გურამიშვილის” და “სამგორის” სარეაბილიტაციო სამუშაოები. კაპიტალურად შეკეთდა 15 ესკალატორი. მიმდინარეობს 2 ესკალატორის რემონტი“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, მოდერნიზაციის შედეგად, თბილისის მეტრო აღიჭურვა თანამედროვე სადისპეტჩერო სისტემით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგად, ექსპლუატაციაში შევიდა ახალი მეტროსადგური – „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
რაც შეეხება კუს ტბისა და მთაწმინდის საბაგირო გზებს, დავით ნარმანიას თქმით, კუს ტბის საბაგიროს რეკონსტრუქციის შედეგად, ჭავჭავაძის ქუჩიდან კუს ტბაზე მოხვედრა უკვე 6 წუთშია შესაძლებელი. მისივე თქმით, საბაგირო ადაპტირებულია შშმ პირებისათვის; ვაგონები აღჭურვილია ველოსიპედის ჩამოსაკიდი მოწყობილობებით. ხოლო, მთაწმინდის საბაგიროზე დაწყებულია მშენებლობის წინამოსამზადებელი პროცესი.
დავით ნარმანიამ დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, შემუშავებულია საცობების მართვის 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი ავტოსადგომების შექმნაა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობამ კომპანია PWC-ს დაუკვეთა კვლევა, რომლის შედეგადაც, მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეირჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები