ნინო ჩხობაძე: თუ ყურძენს ფაროსანა შეერია, ის ღვინო აღარ ვარგა

“სამწუხაროა, მაგრამ ფაროსანა ვენახსაც მიადგა, მოსახლეობის თქმით, თუ ყურძენს ფაროსანა შეერია, ის ღვინო აღარ ვარგა, სხვა გემოს აქვს.

ქათამი კი, რომელიც ფაროსანათი იკვებება, არ იჭმევა, სპეციფიკური სუნი აქვს. ეს არის პოპულაციური აფეთქება კლიმატის ცვლილების ფონზე”,-ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანას გავრცელების საფრთხეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხორბალი მისი ბუნებრივი საკვებია, ამიტომ, ამ მხრივ, რადიკალური ღონისძიებაა გასატარებელი.

ნინო ჩხობაძემ ყურადღება ფაროსანას განადგურების საშუალებებზეც გაამახვილა.

“რაც შეეხება მომავალ წელს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელ პრობლემას, ფაროსანას ბუნებრივი საკვები ხორბალია, რაც აღმოსავლეთშია და თუ რაიმე რადიკალური ღონისძიება არ გავატარეთ, სოფლის მეურნეობისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

ფიზიკური განადგურების მეტი, ფაქტობრივად, არაფერი მოქმედებს მასზე. სწორედ ამ მეთოდით ებრძვიან სხვა ქვეყნებშიც, ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ვისაც ფაგები გამოჰყავთ, მათ გამოეყვანათ სპეციალური ფაგი ფაროსანასთვის. თუ არა და, ისევ არსებული მეთოდები: შეწამვლის დროულად გაკეთება და სახლებში ფიზიკური განადგურებაა.

დასავლეთ საქართველოში პრაქტიკულად ყველაფერზე პრობლემაა, რადგან მოსავალი ვერ აიღეს”,-განაცხადა ნინო ჩხობაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ფაროსანას ბიოლოგიური გზებით განადგურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიოლოგიური მტრის კალიის, კრაზანას შემოყვანა უკვე ადამიანისთვისაა საშიში და ეს პროცესი ძალიან კარგად უნდა იყოს შეფასებული. მოსახლეობის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჩიტები, ფრინველები გაქრნენ, მაგრამ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ნინო ჩხობაძე ვერ ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები