მთავარ პროკურატურაში წიგნის „პროკურატურის ისტორიისათვის საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში  წიგნის „პროკურატურის ისტორიისათვის საქართველოში“  პირველი ნარკვევის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
პროკურატურის ინფორმაციით, წიგნზე „პროკურატურის ისტორიისათვის საქართველოში“ მუშაობა პროკურატურის ხელმძღვანელობის ინიციატივით და მხარდაჭერით ხორციელდება. წიგნის ავტორმა მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა, გოჩა ფერაძემ ისტორიულ წყაროებზე, მრავალრიცხოვან საარქივო მასალებზე, სამეცნიერო შრომებზე დაყრდნობით, საქართველოს სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის 1500-წლიანი ისტორია ასახა.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, წიგნი სამტომეული იქნება. პირველ ტომში საქართველოს სისხლისსამართლებრივი დევნის და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ისტორიის უძველესი ნაწილი მე-6 საუკუნიდან მე-18 საუკუნის ჩათვლითაა ასახული.
ამჟამად წიგნის მეორე ტომზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს პროკურატურის მუშაობა მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში  საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჩათვლით. ხოლო მესამე ტომში მოცემული იქნება უწყების საქმიანობის  ისტორია გასული საუკუნის საბჭოთა ეპოქაში და 90-იან წლებში საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
როგორც წიგნის პრეზენტაციაზე აღინიშნა, სამტომეულის „პროკურატურის ისტორიისათვის საქართველოში“  გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  მომავალი თაობა სწორედ ამ წიგნის საშუალებით გაეცნობა საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის 1500-წლიან ისტორიას, კულტურას და მიღწევებს, ასევე, სახელმწიფოსადმი ერთგულებას და მაღალპროფესიონალიზმს, რაც სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის წარმომადგენლებს საუკუნეების მანძილზე გააჩნდათ.
საქართველოს მთავარი პროკურატურა  წიგნზე მუშაობისას გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის (სამართლის ისტორიის, სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის) მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს, საქართველოს ეროვნული არქივისა და  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები