ირაკლი კაკაბაძე საზმაუს ბორდში დის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა
უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ დის, ნინია კაკაბაძის სიყვარულს მას ნუ ასწავლიან. ირაკლი კაკაბაძე ღიად აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წარდგენილი კანდიდატებიდან მხარს გოგა კოხრეიძეს უჭერდა და არა ნინია კაკაბაძეს – ამის შესახებ უფლებამდამცველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. „ძალიან მიკვრის ჩვენს „განათლებულ“ საზოგადოებაში ამდენი იდიოტი რომ აღმოჩნდა – მათ ჰგონიათ, რომ საკუთარი დის სიყვარულს მასწავლიან და ამ დროს ძალიან მარტივად იყიდებიან დღევანდელი ქართული NGO-ელიტის წარმომადგენლები – მათ კლანური ელიტიზმის გარდა სხვა ენა არ ესმით. და ეს ის ხალხია, ვინც უბრალო, ადამიანებს „სიბნელეში“ ადანაშაულებს. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი წრის გარეთ გახედვაც არ შეუძლიათ. ნუ ღელავთ, ჩემო საყვარელო ელიტ-დეიდებო და ბიძებო, მე ჩემი და თქვენზე ბევრად მეტად მიყვარს. უბრალოდ, მისთვის სჯობია, რომ თქვენ რაც შეიძლება ნაკლებად გგავდეთ და საკუთარი კლანის გარეთ გაიხედოს. ყველა ჩვენგანისთვის სჯობია. სიმართლე და სიყვარული ნებისმიერ კლანზე ზემოთ დგას. დღესაც მხარს ვუჭერ გოგა კოხრეიძის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოში, და თუ ის არ მოხვდა იქ – ძალიან მწარედაც გავაპროტესტებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაჩაგვრას. და არა მარტო მე. გაუმარჯოს დემოკრატიას ყველა ადამიანისათვის – და არა მხოლოდ ელიტ-დეიდა-ბიძებისთვის. გაუმარჯოს თანასწორობას“, – აღნიშნავს ირაკლი კაკაბაძე.