აკაკი ზოიძე: ეს ბიუჯეტი ორიენტირებულია სიღარიბის დაძლევაზე

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეფასებით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია,- აღნიშნული განცხადება ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მოწყვლადია მცირე ეკონომიკური შოკისა თუ სავალუტო კურსის ცვლილების წინაშე. აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავების საკეთესო გზად კომიტეტის თავმჯდომარემ ეკონომიკური ზრდა დაასახელა.

„ეს ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული არის არა მარტო იმიტომ, რომ ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი კვლავაც ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალურ დანახარჯებზე მიიმართება, არამედ პირველ ყოვლისა, ეს ბიუჯეტი ორიენტირებულია სიღარიბის დაძლევაზე, რადგან რეალურად ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ქვეყანაში, მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა და დადებითი ტენდენციებისა, გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, და აქ ციფრებით მანიპულირებაზე არ არის საუბარი, რის გაკეთებასაც ოპოზიცია ხშირად ცდილობს, კვლავაც რჩება მოწყვლადი ნებისმიერი მცირე ეკონომიკური შოკის, თუ სავალუტო კურსის ცვლილებასთან მიმართებაში.

ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ამ გამოწვევის დაძლევა შეიძლება ერთადერთი გზით – ეს არის ეკონომიკური ზრდა. დღეს წარმოდგენილი ბიუჯეტი ორიენტირებულია ეკონომიკურ ზრდაზე. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და არა ის, პენსიას 5 ლარი მოემატა თუ 10 ლარი.
ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი შვიდასი ათასი მოქალაქისათვის, მაგრამ ეს არ გახლავთ ის რომელიც ქვეყანას გადაარჩენს. ამ ქვეყანას გადაარჩენს და განავითარებს მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი, ხარისხობრივად სხვა დონეზე ასული ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ზრდა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დამატებით შემოსავლებს მოუტანს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების საშუალებებს მისცემს. ეს არის ძირითადი არსი“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შეფასებისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პენსიების ინდექსაცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„პენსიების ინდექსაცია ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. შეგახსენებთ რომ ეს გვქონდა წინასაარჩევნო პროგრამაში. განსხვავებით ჩვენი პოპულისტი ოპონენტებისგან, ჩვენ არ დავპირებივართ უკვდავებას და ათასობით ლარს პენსიას, როგორც ამას 2016 წელს ჩვენი ოპონენტები აკეთებდნენ, მაგრამ მიუხედავად ასეთი ლამაზი შეპირებებისა, ისინი არ აირჩიეს ჩვენმა მოქალაქეებმა, აგვირჩიეს ჩვენ, რადგანაც მოქალაქეებმა სწორი დასკვნა გამოიტანეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო რეალური და რა არ იყო რეალური.

ჩვენ დავპირდით, რომ პენსიები არ დაკარგავდა მსყიდველობითუნარიანობას. ეს იყო დაპირება და მადლობას ვუხდი მთავრობას, რომ მომავალზე ორიენტირებულ დაგროვებით პენსიასთან ერთად საუბარია კონკრეტული მექანიზმების შემოტანაზე, რაც ჩვენი 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იქნება დანამატის დაგროვების ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება, რომ ღირსეული სიბერე უზრუნველყონ“,- განაცხადა ზოიძემ.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უფასო მედიკამენტების პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და ამისთვის 10 მლნ ლარია გამოყოფილი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების პროგრამა გაგრძელდება მომავალ წელსაც და ამისთვის 10 მილიონია გამოყოფილი.
ასევე, გაფართოვდება იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლების ასორტიმენტი, რომლებიც ჩვენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეძლევათ. ეს უზარმაზარი შეღავათია. პრაქტიკულად, ამით მათ შემწეობა თუ პენსია უორმაგდებათ იმის გამო, რომ ეს დანახარჯი აღარ ექნებათ და შეუძლიათ, თანხა სხვა რამეში გამოიყენონ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვზრუნავთ ყველაზე დაუცველ ჩვენს მოქალაქეებზე და ამისათვის გამოყოფილია ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისათვის დამატებით 10 მლნ-მდე ლარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად გაუადვილებს ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს ცხოვრებას“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები