“ვანო მერაბიშვილმა, შესაძლოა, საპყრობილე ახალ წლამდე დატოვოს”

რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ დღეიდან მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია, – ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მოქმედი ე.წ. უდოს კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს ხანში იმსჯელებს. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადი ნამდვილად ჩაიბარა.

“მისჯილი სასჯელებიდან გამომდინარე ვანო მერაბიშვილს უკვე ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება. პროცედურულად, თვითონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი განიხილავს ამ საკითხს და მათზეა დამოკიდებული დაკმაყოფილდება თუ არა დადებითად ეს საკითხი. უშუალოდ მსჯავრდებულის მოთხოვნას ეს მექანიზმი არ საჭიროებს. თავად სამინისტრო ვალდებულია, რომ იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მას უკვე უწევს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. დიახ, ცოტა ხნის წინ მასთან მიიტანეს ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ განაცხადი, ანუ აცნობეს, რომ უკვე დაწყებულია წარმოება. წესით, მერაბიშვილის მიმართ დადებითი გადაწყვეტილება პირველივე ჯერზე უნდა იქნეს მიღებული, თუ არადა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მომდევნო ექვსი თვის შემდეგ გააკეთებს ასეთივე განაცხადს. რამდენად დაკმაყოფილდება ეს საკითხი, მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“, -აცხადებს ადვოკატი.

ვანო მერაბიშვილის მიმართ სასამართლოში ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ყოფილ პრემიერ მინისტრს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამ განაჩენით, მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ე.წ. უდოს კომისიის მეშვეობით, ის საპატიმროს სავარაუდოდ ამ წლის ბოლომდე დატოვებს.

პატიმრობის კოდექსის თანახმად, ე.წ. უდო ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში გამოიყენება მაშინ, თუ მსჯავრდებულს მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი მსჯავრდებულს სასჯელის 2/3 უნდა ჰქონდეს მოხდილი.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია? ამ კითხვით ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გედევან ფოფხაძეს მივმართეთ, რომელიც ამავდროულად ე.წ. უდოს კომისიის წევრიც გახლავთ.

ფოფხაძე ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით მერაბიშვილის საქმის განხილვა არ მოხდება და კომისია ყოფილ პრემიერ მინისტრთან დაკავშირებით გამოიყენებს ისეთივე მიდგომას, როგორსაც იყენებს ყველა სხვა მსჯავრდებულთან მიმართებაში.

„მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ არსებობს. კომისია კოლეგიური ორგანოა და შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს, თუმცა, ცხადია, არსებობს გარკვეული სტანდარტები. კომისია განიხილავს იმ პატიმრების საქმეს, რომელსაც კანონით დადგენილი სასჯელის ვადა უკვე მოხდილი აქვთ, გააჩნიათ რესოციალიზაციის სურვილი და ამასთანავე, პატიმრობის დროს არ არღვევდნენ შინა განაწესს. კომისიას შესაბამისი ინფორმაცია მოეწოდება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და საჭიროების შემთხვევაში, ხდება უშუალოდ პატიმართან გასაუბრებაც. რაც შეეხება კონკრეტულად ვანო მერაბიშვილის საკითხს, პოლიტიკური მოტივით რაიმე განსხვავებული მიდგომა არ იქნება, ყველა მსჯავრდებულზე ვრცელდება ერთიანი სტანდარტი. წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გამაჩნია და შესაბამისად, ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გედევან ფოფხაძე.

იურისტ ვალერი გელბახიანის აზრით კი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ახალ წლამდე დატოვებს, ვინაიდან, მისი თქმით, ციხეში მყოფი მერაბიშვილი ხელისუფლების ინტერესშიც აღარ შედის.

„ყოფილ პრემიერ მინისტრს უკვე მოხდილი აქვს სასჯელის ის ვადა, რომლის შემდეგაც უკვე კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. სამართლებრივად ის ექვემდებარება გათავისუფლებას, თუმცა მის საქმეში არსებობს პოლიტიკური ფაქტორიც. ბუნებრივია, ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯზე მოქმედებს, როდესაც მთელ რიგ რეზოლუციებში ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული. ამიტომაც პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილი ხელისუფლებას აღარ სჭირდება. ვვარაუდობდი, რომ არჩევნების შემდეგ მას გაათავისუფლებდნენ და როგორც ჩანს, სადღაც ახალ წლამდე ის მართლაც დატოვებს საპყრობილეს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ვალერი გელბახიანი.

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის  თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები ასე გამოიყურება:

1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – 2 წელი და 3 თვე.

  1. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – 3 წელი.
  2. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს – 4 წელი და 6 თვე.
  3. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა – 5 წელი.
  4. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – 6 წელი და 9 თვე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

 

წყარო“ პრაიმტაიმი“

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები