სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ ყაზახეთის მოქალაქეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილით.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ა.-მ, რომელიც სატვირთო ავტომანქანას მართავდა, სამტრედიიდან სუფსის მიმართულებით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დაცვა, რის შედეგადაც ავტომანქანას გაუმართავი ჩამკეტ-მაფიქსირებელი მექანიზმიდან მოწყდა მისაბმელი, რომელიც უმართავ მდგომარეობაში გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა „ტოიოტა პრიუსს“. შეჯახების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ავტომანქანაში მყოფი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე ერთმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
სამართალდამცველებმა ე.ა. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ასევე 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ე.ა. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები