სასამართლომ ნარკოტიკის შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის ბრალდებულს, თბილისის საქალაქოს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა დავით მ.-მ, ისრაელის ტერიტორიაზე ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,4144 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რომელიც თელავივი-სტამბული-თბილისის რეისით, თბილისის აეროპორტის გავლით 2017 წლის 16 თებერვალს, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
სამართალდამცველების მიერ, დავით მ., მისივე თანხმობით, შემოწმების მიზნით გადაიყვანეს საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მისი სხეულიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი, გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში შეფუთული, 52 ცალი ტაბლეტი.
ღია სასამართლო სხდომებზე ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი და არ დაეთანხმა, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდების ნაწილს.
სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, დადგენილად მიიჩნია დავით მ.-ს მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის კანონმდებლობა სასჯელის სახედ 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, სასამართლომ ბრალდებულს მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი განუსაზღვრა, იმ გარემოების გათვალისწინებით რომ მან ნაწილობრივ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება, თუმცა სრულად არ ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან. დანაშაულთა ერთობლიობითა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ბრალდებულ დავით მ.-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები