სოფიო ქაცარავას ინიციატივით ქალი ელჩებისა და პარლამენტარების თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატი შეიქმნა
საქართველოს პარლამენტში ქალი ელჩებისა და პარლამენტარების თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატის პირველი სამუშაო შეკრება გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და ბულგარეთის, გერმანიის, ესტონეთის, უნგრეთისა და შვედეთის ელჩები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, ახლადშექმნილი ფორმატის შესახებ იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე პრიორიტეტი გამოიყო – ქალთა როლის გაძლიერების შესახებ სოციალურ, პოლიტიკურ სფეროებში და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე პრიორიტეტების შესაბამისი მიზნები და ამოცანები დაისახა.
როგორც აღინიშნა, ქვეყანაში ამ მიმართულებების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი საქართველოს პარლამენტის გენდერის საბჭოს მუშაობას ეკისრება, რომელიც ყველა მიმდინარე პროცესში აქტიურადაა ჩართული.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ მომავალი საინტერესო ერთობლივი ღონისძიებებისა და კონფერენციების შესახებ; ასევე, რეგიონებში ქალთა გაძლიერების საკითხების, საგარეო პოლიტიკისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გარშემო სტუდენტებთან და საჯარო შეხვედრების თაობაზე”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მხარეები არაფორმალური ფორმატის დღის წესრიგზე და გეგმებზე შეთანხმდნენ, რომელსაც სხვა პარლამენტარებიც შეუერთდებიან.
სოფიო ქაცარავამ ელჩებს გაწეული დახმარებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.