“ყოველდღე ვუყურებ მათ აივანს, ისინი ცხოვრობენ, ჩემი შვილი კი მიწაშია” – დავით ხარაზიშვილის მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა

3-წლიანი მიმალვის შემდეგ, არასრულწლოვნის ბაბუას და ბიძას ასამართლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამწლიანი პაუზის შემდეგ, გახმაურებული საქმის, 19 წლის დათო ხარაზიშვილის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა. საბრალდებო სკამზე ამჯერად მამა-შვილი მიხეილ და აკაკი (აკოფ) გრიგორიანები სხედან. მათ სსკ-ის 376 -ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება აქვთ წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. საქმე ეხება 19 წლის დათო ხარაზიშვილის მკვლელობას, რომელიც სამი წლის წინ ვარკეთილში მოხდა.
გარდაცვლილის დედის, ხათუნა ელიზბარაშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა, ნ.ფ-მ ოჯახის წევრებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს იგი დათო ხარაზიშვილმა გააუპატიურა.
თუმცა, მოკლულის დედის მტკიცებით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობა არ დასტურდება.
ფაქტი: დათო ხარაზიშვილი საკუთარ ავტომობილში, ვარკეთილის ტერიტორიაზე, 2014 წლის 15 დეკემბერს მოკლეს. მკვლელობის მოტივად შურისძიება დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ, 2015 წლის 20 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დათო ხარაზიშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ კახა ფროდიაშვილს 14-წლიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
2015 წელს სასამართლო პროცესი ისე წარიმართა, რომ მასზე მკვლელობის ძირითადი მოწმე მამა-შვილი – მიხეილ და (აკაკი) აკოფ გრიგორიანები არ გამოცხადდნენ.
საქმის გამოძიების მასალების თანახმად, მამა-შვილი მოწმის სახით წინასწარ გამოძიებამ დაჰკითხა და ამის შემდეგ საქართველოდან წავიდნენ.
არასრულწლოვანი გოგონას მამის ადვოკატის, ირმა ბრელიძის ინფორმაციით, ისინი სომხეთში მოქალაქეობას ითხოვდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ბრალდებულ კახა ფროდიაშვილის ადვოკატმა ჯერ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შემდეგ უზენაეს სასამართლოში, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
ამის შემდეგ, 19 წლის დავით ხარაზიშვილის მკვლელობის მთავარი მოწმეები – მამა-შვილი გრიგორიანები საქართველოში ჩამოვიდნენ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ.
გარდაცვლილის დედამ, ხათუნა ელიზბარაშვილმა პროკურატურას მამა – შვილი გრიგორიანების წინააღმდეგ განცხადებით მიმართა.
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მოკვლეული მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის ზაფხულში გადასცა და საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო.
პროკურატურის ბრალდებას გარდაცვლილის დედა არ ეთანხმება და სასამართლოსგან მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
დედას მიაჩნია, რომ შვილის მკვლელობის დროს, მანქანაში კახა ფროდიაშვილის გარდა, მამა-შვილი გრიგორიანებიც იყვნენ და ისინი დანაშაულის თანამონაწილეები არიან.
მისი თქმით, სასამართლომ მათ მკაცრი სასჯელი უნდა დააკისროს.
„ მიხეილ და აკოფ გრიგორიანები არიან ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილენი. მკვლელობის დღეს, კახა ფროდიაშვილის გარდა, ესენი ორივე მანქანაში ისხდნენ. ეს ორნი რომ არ ყოფილიყვნენ და ჩემი შვილი არ დაეგლიჯათ, შესაძლებელია, ასეთი შედეგი არ დამდგარიყო. ვითხოვ მუხლის გადაკვალიფიცირებას. გოგოს ცრუ ინფორმაციის გამო მოხდა ეს დანაშაული, ერთადერთი შვილი მომიკლეს. ეს გოგოც დასასჯელია და დედამისიც, როგორც დანაშაულის წამქეზებლები, მით უფრო, რომ კახა ფროდიაშვილი წარსულში ორჯერ ნასამართლევია და ასეთ ადამიანს დედა-შვილმა ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. სწორედ მათ უბიძგეს ამ მოძალადე კაცს, დანაშაული ჩაედინა“, – აცხადებს გარდაცვლილის დედა.
გარდა ამისა, გარდაცვლილის დედა აპირებს, მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართოს.
როგორც „კვირას“ ხათუნა ელიზბარაშვილმა განუცხადა, შუამდგომლობაში ის დედა-შვილის, ნათია და მარინა ფროდიაშვილის საცხოვრებელი სახლის იძულების წესით შეცვლას ითხოვს.
„ჩემი შვილის მკვლელობიდან უკვე 3 წელი გავიდა და მათ ყოველდღე ჩემი აივნიდან ვუყურებ. რისთვის მომიკლეს შვილი? როგორ უნდა ვუყურო ყოველდღე მათ, ცრუ ინფორმაციის გამო, შვილი მომიკლეს. ამ სამი წლის განმავლობაში, ყოველდღე ვუყურებ მათ აივანს, ისინი ცხოვრობენ, ჩემი ერთადერთი შვილი კი მიწაშია“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ხათუნა ელიზბარაშვილი, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებს.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ბრალდებულების ადვოკატს. როგორც ზაზა ბუაჩიძემ „კვირას“ განუცხადა, იგი მომავალ სხდომაზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, სადაც მამა-შვილის, მიხეილ და აკაკი (აკოფ) გრიგორიანების გათავისუფლებას მოითხოვს.
„გრიგორიანებს წაყენებული აქვთ ბრალდება დანაშაულის შეუტყობინებლობა. საქმის მასალებში ჩანს, რომ მანქანაში მოხდა ჩხუბი, ვინ და როდის დაარტყა დანა დათო ხარაზიშვილს, მათ არ იცოდნენ. ამიტომ მე შუამდგომლობას დავაყენებ, რომ ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სხდომის დარბაზიდან“, – აცხადებს ზაზა ბუაჩიძე.

პრეისტორია

19 წლის დათო და 15 წლის ნ. ფ. ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მეზობლად ცხოვრობდნენ და ერთ სკოლაში სწავლობდნენ. დათომ სკოლა ადრე დაამთავრა, ის ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. ნათია კი მაშინ სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იყო. დათომ ნ. მეგობრის, სოფოს დახმარებით გაიცნო და დამეგობრდნენ.

არასრულწლოვნის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ის და დათო თავდაპირველად ერთმანეთს ფეისბუქის საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, შემდეგ შეხვედრებიც ჰქონდათ და სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ.
ამონაწერი 16 წლის ნ.ფ-ის ჩვენებიდან: დათომ მითხრა,რომ იგი ფოტოგრაფი იყო და სურათებს იღებდა, მაგრამ ჩემთვის არასოდეს სურათი არ გადაუღია, უბრალოდ, ვმეგობრობდით, არც მოწონება და არც სიყვარული ჩვენს შორის არ ყოფილა. 2014 წლის 1 დეკემბერს დათო ხარაზიშვილმა მომწერა მასთან სახლში ავსულიყავი. ადრე მასთან სახლში არ ვყოფილვარ, ცუდი არაფერი მიფიქრია და დაუფიქრებლად ავედი მასთან. დათო სახლში მარტო იყო. ცოტა ხანი ვისაუბრეთ და მერე დათომ დამიწყო მოხვევა და მაკოცა, მე ვკითხე რას შვრებოდა, მაგრამ მან კოცნა დამიწყო, მე გავუძალიანდი და ვეუბნებოდი, გაჩერებულიყო, მაგრამ დათო არ ჩერდებოდა. ტანსაცმლის გახდა დამიწყო და მთლიანად გამაშიშვლა, ტრუსიც გამხადა. მე იმდენად დავიბენი, რომ ყვირილიც ვერ მოვახერხე, ასეთ სიტუაციაში პირველად ვიყავი და არ ვიცოდი რა მექნა. დათომაც გაიხადა, მთლიანად გაშიშვლდა, საწოლზე დამაწვინა…“, – წერს არასრულწლოვანი თ.ფ და დეტალურად ყვება მომხდარის შესახებ.
თუმცა გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ არასრულწლოვანმა ოჯახის წევრებსა და გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
ხათუნა ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მის შვილსა და არასრულწლოვანს შორის სექსუალური ურთიერთობა არ ყოფილა, რაც სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა.
გარდა ამისა, დედას ალიბი აქვს.
როგორც „კვირას“ ხათუნა ელიზბარაშვილმა განუცხადა, იგი 2014 წლის 1 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, სახლში იყო. მისი შვილი კი სახლიდან დაახლოებით 11.30 წუთზე გავიდა. მისივე თქმით, იმ დღეს, დათომ მეგობრის და ვაკეში, კლინიკა „იუნონაში“ მანქანით წაიყვანა, კლინიკის შენობაში კი, პაციენტი ხელში აიყვანა და ექიმის ოთახში ასე შეიყვანა. რაც მოწმის სახით დაკითხულმა პაციენტის დედამ სასამართლო პროცესზე ჩვენებითაც დაადასტურა.
ამასთან, 2014 წლის 1 დეკემბერს, დათოს დეიდა სამსახურიდან სახლში ნაშუადღევს მივიდა და სახლიდან აღარც გასულა.
გარდაცვლილის დედამ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს მტკიცებულების სახით არასრულწლოვნის ის ფოტოები წარუდგინა, რომელსაც იგი დათოს პირად მობილურ ტელეფონში უგზავნიდა.
ფოტოებზე გოგონა ნახევრად შიშველი იყო.
ამის შემდეგ, 14 დეკემბერს, არასრულწლოვანმა მასსა და დათოს შორის ურთიერთობა თავდაპირველად დედას უამბო, დედამ კი მომხდარის შესახებ ყოფილ მეუღლეს, რაც ოჯახის სხვა წევრებმაც გაიგეს, მათ შორის გოგონას ბაბუამ, აკაკი (აკოფ) გრიგორიანმა და ბიძამ მიხეილ გრიგორიანმა.
ამონაწერი ბაბუის ჩვენებიდან: „2014 წლის 15 დეკემბერს 09:30 საათზე ხმაურმა გამაღვიძა , ჩვენთან სტუმრად იყვნენ მოსულები ჩემი სიძე – კახა ფროდიაშვილი და მამამისი – მიხეილ ფროდიაშვილი, როგორც როგორც ჩემი შვილიშვილის ნ. ფ. -ს მონაყოლიდან გავიგე, მას ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ვიღაც მამაკაცთან, დაახლოებით 19- 20 წლის ვინმე დავით ხარაზიშვილთან. ნ-ს მონაყოლიდან გავიგეთ, რომ მართალია, მას სექსუალური კავშირი აღნიშნულ პირთან იძულებით არ ჰქონია, მაგრამ გარკვეულწილად, ეშინოდა ამ პიროვნების და აღარ სურდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება“, – წერს აკაკი ( აკოფ ) გრიგორიანი წინასწარ გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში.
როგორც არასრულწლოვნის ჩვენებიდან ირკვევა, იგი იმავე დღეს ექიმთან წაიყვანეს და საქალწულე აპკი გაუსინჯეს.
„ექიმმა მშობლებს უთხრა, რომ საქალწულე აპკი დარღვეული არ მქონდა, მაგრამ ნაწვალები იყო“, – წერს ნ. ფ.
ამის შემდეგ, გოგონას ბაბუები დათო ხიზანიშვილის სახლში მიუვარდნენ, მაგრამ კარი არავინ გაუღო.
ნ.ფ.-სა და დათოს ფეისბუქმიმოწერის თანახმად, გოგონამ დათოს 20:00 საათზე შეხვედრა დაუთქვა.
ფეისბუქის მიმოწერა საქმის მასალებში ნივთმტკიცების სახით დევს.
ამონაწერი დათოს და ნ-ს მიმოწერიდან:
„დღეს დილით, 2 კაცი ჯერ ჩემ მეზობელს დახვდა სადარბაზოსთან და ეძებდნენ ხარაზიშვილს, მერე სახლის კარები ჩამოიღეს ბრაგაბრუგით და არ გაუღო დედაჩემმა. კაცები და თან ბიჭები. არა, მე მტერი არ მყავს. რაც მომდის თავში აზრად, კლეოზნიკი მამაშენია. შენ სახლში ხომ არაფერი გითქვამს ჩვენზე?“ – წერს დათო ნათიას.
ამავე დიალოგით ირკვევა, რომ ნ-მ დათოს ინფორმაცია არ გაუმხილა და მოატყუა. თუმცა, შეხვედრა დაუთქვა, რომ სალაპარაკო ჰქონდა. საღამოს 8 საათზე უნდა შეხვედროდნენ.
სამაგიეროდ, ნ.ფ. გულახდილად ესაუბრა თავის მეგობარ გოგოს, რომელიც საქმის კურსში ჩააყენა, რომ საღამოს დათო უნდა ენახა.
შეხვედრაზე მიმავალი დათო დედამისის კუთვნილი ავტომანქანით, მუქი ლურჯი ფერის „მაზდით“ გადაადგილდებდა, რომელიც მარჯვენა საჭიანი იყო.

შემთხვევის ადგილი:

„ჩვენ მანქანით მივდიოდით სუხიშვილის ქუჩაზე, ეკლესიის მიმართულებით. ამ დროს, მანქანა წამოგვეწია – მამაჩემი, რომელმაც გვერდი გაჰკრა დათოს მანქანას. დათომ დააპირა უკან გაქცეოდა მამაჩემს, მაგრამ ვერ გაექცა. მანქანიდან გადმოვიდნენ მამაჩემი კახა ფროდიაშვილი, ბიძაჩემი მიხეილ გრიგორიანი და პაპაჩემი აკაკი (აკოფ) გრიგორიანი. მამაჩემმა დამიძახა ხელის მუხრუჭი ამოუწიეო, მეც ამოვწიე და მანქანა, რომელიც დათოს ნელი სვლით უკან მიჰყავდა, გაჩერდა. მანქანაში შემოუვარდნენ დათოს, კერძოდ, საჭის მხრიდან იყო პაპაჩემი, მეორე გვერდიდან ბიძაჩემი და უკანა მხრიდან სავარძელში მამაჩემი. ცემა დაუწყეს. მე მანქანიდან გადმოვხტი და სახლში გავიქეცი“, – ასეთი ჩვენება მისცა არასრულწლოვანმა გამოძიებას.
ამის შემდეგ, სახლში დაბრუნებულმა ნ-მ მის მეგობარს ს-ს, ფეისბუქით მომხდარის შესახებ ყველაფერი მისწერა.
ხოლო არასრულწლოვნის ბაბუამ წინასწარ გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც ირკვევა, რომ დათოს დანა მისმა ყოფილმა სიძემ რამდენჯერმე ჩაარტყა.
„მე, ჩემი შვილი და ჩემი სიძე ამ უკანასკნელის მანქანით წავედით ვაზისუბანში. დავით ხარაზიშვილი ჩვენ მანქანაში დავტოვეთ საღ გონებაზე. გზაში მოძრაობისას, ჩემმა სიძემ გვითხრა, რომ მან რამდენჯერმე დაარტყა დანა დავით ხარაზიშვილს“, – წერს აკაკი (აკოფ) გრიგორიანი ჩვენებაში.
19 წლის დავით ხარაზიშვილი , რომელსაც სხეულზე დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მანქანაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ხათუნა ელიზბარაშვილი ამბობს, რომ დათოს დანით ფილტვი, აორტა და გული ჰქონდა გაგლეჯილი.
მისი თქმით, როდის შენიშნა მისი შვილი, შემთხვევითმა მგზავრმა, არავინ იცის. დათო იმავე მდგომარეობაში იპოვეს, როგორც იჯდა, საჭეს ხელი ძლივს გააშვებინეს.
მან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. დაჭრილი გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა.
დათო სისხლისგან დაიცალა. ფაქტობრივად, დათო შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის მუხლით, გამოძიება დაიწყო. დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

ექსპერტიზა ჩაუტარდა არასრულწლოვან გოგონასაც.

ექსპერტიზის დასკვნით დამტკიცდა, რომ “ნ.ფ.-ს საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია, არ არის მთელი. მისი დარღვევის ხანდაზმულობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია, ვინაიდან გასულია 2 კვირაზე მეტი დრო. ფ – ს უკანა ტანის არეში აღენიშნება მორუხო- მოთეთრო ფერის უსწორმასწორო ნაპირების მქონე ნაწიბურები, რაც წარმოადგენს ნასკდომის შეხორცების შემდგომ კვალს, რაც მიყენებული უნდა იყოს მკვრივი ან ბლაგვი საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია, რადგან გასულია 2 კვირაზე მეტი დრო, ” – აღნიშნულია დასკვნაში და აქვე მითითებულია, რომ გაუპატიურების ფაქტის დადგენა არ შედის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციაში.
ამავე დასკვნაში წერია, რომ : „ნ. ფ-ის სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება და საშოდან და უკანა ტანიდან სპერმა არ აღმოჩნდა“ .
გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, მისი შვილის სისხლის კვალი აღმოჩნდა კახა ფროდიაშვილის სვიტერზეც და შარვლის ტოტზეც.
30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი განახლდება, სადაც მოწმეები დაიკითხებიან. გარდაცვლილის დედა მოსამართლემ უკვე დაკითხა.
ცნობისათვის, 19 წლის დავით ხარაზიშვილის განზრახ მკვლელობისთვის არასრულწლოვნის მამა კახა ფროდიაშვილი სასჯელს უკვე სამი წელია იხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები