დავით ნარმანია ოპონენტების ბრალდებებს არ ეთანხმება და მერის პოსტზე საქმიანობის 3-წლიან პერიოდს აფასებს

თბილისის მერი დავით ნარმანია მის უუნარობაზე ოპოზიციის კრიტიკას „გაკეთებული საქმეების ჩამონათვალით“ პასუხობს.

“ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ წელში გამართული არ ვიყავით, ქალაქში ჩვენი მმართველობის ერთი წელი არ იყო გასული, როცა დამანგრეველი სტიქია მოხდა, რამაც ძალიან ბევრი ადამიანური და ფინანსური რესურსი მოითხოვა. რამდენიმე თვე ჩვენ მთლიანად სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში ვიყავით ჩართული. ამ ყველაფრის მიუხედავად, სულ რაღაც ერთ თვეში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩავატარეთ”,-ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ის ოპონენტების ბრალდებებს არ ეთანხმება და მერის პოსტზე საქმიანობის 3-წლიან პერიოდს აფასებს.

„ჩემს უუნარობასთან დაკავშირებით მათ გამოძახილებზე შემდეგ ჩამონათვალს გავაკეთებ: – პირველი, ეს არის 12 აშენებული ახალი საბავშვო ბაღი და 13 მშენებარე ბაღი; მეორე – ”ნაციონალური მოძრაობისთვის” წართმეული საბავშვო ბაღის სამი შენობა, სადაც მათი პარტიის ოფისები იყო განთავსებული. დღეს იქ საბავშვო ბაღებია გახსნილი და ბავშვები სწავლობენ; მესამე – გაუმჯობესებული კვების რაციონი საბავშვო ბაღებში და ასევე, ფსიქოლოგი და ლოგოპედი ყველა ბაღში, რაც პატარების სწორად აღზრდისა და განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამი წლის განმავლობაში 80-მდე საბავშვო ბაღში მოწესრიგდა შიდა ეზოები, სპორტული სათამაშოები, კეთილმოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჯამში, ამ აქტივობების შედეგად, საბავშვო ბაღებში 7 500-ზე მეტი ბავშვი მივიღეთ. ჩვენი მეორე პრიორიტეტი ქალაქის გამწვანება, მესამე პრიორიტეტი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია იყო და ხიდების მყისიერი აღდგენა დავიწყეთ, მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ისტორიული ძეგლების აღდგენა, ასევე, ქალაქში უკვე 143 ახალი ავტობუსი და მეტროს 50-მდე განახლებული ვაგონი დადის.

თუ ეს ყველაფერი ჩვენს პერიოდში არ არის გაკეთებული, ვინმე შემეწინააღმდეგოს, ხოლო თუ ეს ყველაფერი ჩვენს პერიოდშია გაკეთებული და ნამდვილად ჩვენი გაკეთებულია და ყველაფერში პირადად მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაშინ რანაირად ვართ უნიათოები, რასაც გვიწოდებდნენ?! ბუნებრივია, ამას საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი და გასცა კიდევ პასუხი თვითმმართველობის არჩევნებზე იმ ხალხს, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ნეგატივზე იყვნენ ორიენტირებული. კარგია, რომ ამ ყველაფერს პასუხი ასე დემოკრატიულად გაეცა“, – აცხადებს დავით ნარმანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები