ლელა ჩიქოვანი DCAF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) დირექტორის მოადგილე იმყოფება.

აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში DCAF-ის წარმომადგენელს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა და ფილიპ ფლურმა თავდაცვის სამინისტროსა და DCAF-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლელა ჩიქოვანმა სტუმარს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და ამ კონტექსტში DCAF-თან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს. ფილიპ ფლურმა რეფორმები დადებითად შეაფასა და ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა.

საუბრის ერთ-ერთ თემას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან (DIB) თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.

შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრი (DCAF) უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებისა და მართვის საკითხებში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. DCAF ქვეყნებს საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარებას უწევს და მათ პრაქტიკული დამხმარე პროგრამებით უზრუნველყოფს. ორგანიზაცია ხელს უწყობს შესაბამისი დემოკრატიული ნორმების დანერგვას, როგორც საერთაშორისო, ასევე, სახელმწიფო დონეზე.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას DIB-ის დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები