შსს: ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველად პატრულმა გამოიძახა
ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველად სწორედ პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა, – ამის შესახებ “კვირას” შსს-ში განუცხადეს.
“112-დან მიღებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, პატრულ-ინსპექტორმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების თაობაზე შეტყობინება 16:59:18 საათზე განახორციელა. ამავე თემაზე, აღნიშნული მისამართიდან, მომდევნო ზარი მოქალაქის მხრიდან, „112“-ში 16:59:50 საათზე დაფიქსირდა.
საპატრულო პოლიციის მიერ „112“-ში ზარის დაფიქსირებისთანავე, შეტყობინება გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე 17 საათსა და 08 წუთზე მივიდა”, – აცხადებენ შსს-ში.