ანა ნაცვლიშვილი: ადამიანი გარდაიცვალა პოლიციელთა ხელში და შესაბამისად, გამოძიება უნდა ჩატარდეს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
როგორც ის მიიჩნევს, დაკავებისას გარდაცვლილი პირის საქმეზე გამოძიება უნდა გაფართოვდეს და სამოხელეო დანაშაულის მუხლითაც უნდა წარიმართოს.
ნაცვლიშვილის განცხადებით, შესწავლილი უნდა იყოს, არსებობდა თუ არა ამ პირის დაკავების საფუძველი, როდესაც შეუძლოდ გახდა, რა რეაგირება მოახდინეს სამართალდამცველებმა, მათ შორის – გამოიძახეს თუ არა სასწრაფო დახმარება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ოჯახს პრეტენზია, ადამიანი გარდაიცვალა პოლიციელის ხელში და შესაბამისად, გამოძიება უნდა ჩატარდეს.
„კარგია, რომ საქმეს იძიებს პროკურატურა, რადგან შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კანონთან შეუსაბამო მოქმედებას ეხებოდეს საქმე. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორი კვალიფიკაციით მოხდეს საქმის წარმართვა. ამ ეტაპზე კვალიფიკაცია, რომელიც საქმეს აქვს მინიჭებული, მაინცდამაინც არ ისახავს მიზნად, შეაფასოს პოლიციელების მოქმედებების კეთილსინდისიერება. კვალიფიკაციის ნაწილში გასაფართოებელია ხედვა, რადგან შესაძლოა, საქმე ჰქონდეს სამოხელეო უფლებამოსილების გადამეტებას ან არაჯეროვან მოქმედებებს მას შემდეგ, რაც მოქალაქემ უთხრა პოლიციელებს, რომ თავს არ გრძნობდა კარგად.
ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სახელმწიფოსთვის, გარდაცვლილის ოჯახს გააჩნია თუ არა რაიმე პრეტენზია. ადამიანი გარდაიცვალა პოლიციელთა ხელში და შესაბამისად გამოძიება უნდა ჩატარდეს“, – აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები