ზაქარია ქუცნაშვილი: მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სავსეა ფაქტობრივი და სამართლებრივი შეცდომებით

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სავსეა ფაქტობრივი და სამართლებრივი შეცდომებით, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, სამართლებრივი დავა თამაზ მეჭიაურთან გაგრძელდება. დეპუტატი ფიქრობს, რომ მცხეთის სასამართლომ ბევრი სამართლებრივი შეცდომა დაუშვა მოწმეთა დაკითხვის კუთხით.
„ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ და დავამტკიცებთ იმას, რომ დემოკრატიის ეგიდით სამართლიანობა არ უნდა დაიჩაგროს. დღეს ბევრი ცდილობს, რომ დემოკრატიის ეგიდით ზეიმად გაასაღოს ის, რაც თიანეთში მოხდა და არ შეიძლება დემოკრატიის ეგიდით სამართლიანობა დაიჩაგროს, მოპარული ხმები არავის არ უნდა შერჩეს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ “დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სასამართლომ გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, სადაც ორგანიზაცია მეოცე უბნის შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები