იეჰოვას მოწმეთა დევნის ფაქტზე ბრალდებულს გირაო შეეფარდა

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღმსარებლობისა და რწმენის გამო, ძალადობით ჩადენილ რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ დანაშაულზე, ბრალდებულ ბ. ბ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო –
3 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, ბ. ბ.-ს ბრალად ედება რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, აღმსარებლობისა და რწმენის გამო ადამიანის დევნა და ძალადობით ადამიანის დევნა. (2 ეპიზოდი)
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 22 აგვისტოს თბილისში, ბრალდებულმა ერთ-ერთ სკვერში, იეჰოვას მოწმეებს მათთვის განკუთვნილი მოძრავი სტენდიდან რელიგიური შინაარსის ლიტერატურის აღება და ადგილის დატოვება შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოთხოვა.
რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ბრალდებულმა სტენდზე განთავსებული ბანერი გატეხა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით დატოვა შემთხვევის ადგილი.
ერთი თვის შემდეგ, შეურაცხმყოფელი ფორმით სტენდის აღება ბრალდებულმა კვლავ მოითხოვა, რის შემდგომაც სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა იეჰოვას მოწმეს და მიიმალა.
შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები.
კერძოდ, ბრალდებულის შემდგომი, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხისა და რისკის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოიყენა – გირაო, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 22 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები