ლონდონის სითის მერი: საქართველოს რეგიონში ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო გააჩნია

ლონდონის სითის ლორდ მერმა ენდრიუ პარმლიმ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მანსონ ჰაუსში,  მრგვალი მაგიდა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმო.

ლონდონის სითის ლორდ მერის განცხადებით, მრგვალი მაგიდა აღნიშნულ ორგანიზაციაში, პირველი მსგავსი ტიპის ღონისძიებაა. მისი თქმით, მისი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ სწრაფად განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობაა. ლონდონის ლორდ მერის შეფასებით, საქართველოს რეგიონში ბიზნესის საწარმოებლად ყველაზე ხელსაყრელი გარემო გააჩნია.

„საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი დიალოგი  ჩვენ ქვეყნებს შორის რეგულარულ ხასიათს მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესკავშირების განვითარებას. საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა ბიზნესის წარმოების კუთხით”,- აღნიშნა მან.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწვეულ ბრიტანელ ბიზნესმენებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გააცნო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიტანული საინვესტიციო, ენერგეტიკული და ფინანსური წრეების წარმომადგენლები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები