ირაკლი კობახიძე: „აქტიურად ვთანამშრომლობთ გაერო-სთან ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების რეალიზების უზრუნველყოფისთვის“

„უამრავი სირთულის მიუხედავად, გაერომ თავი დაიმკვიდრა, როგორც საერთაშორისო პარტნიორობის და საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარმა პლატფორმამ და  მოხარული ვართ, რომ საქართველო არის ამ პლატფორმის ღირსეული წევრი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაეროს დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციაზე განაცხადა.

კონფერენცია, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ინიციატივით გაიმართა, მისასალმებელი სიტყვით ირაკლი კობახიძემ გახსნა.

პარლამენტის თავმჯდომარე სტუდენტებს გაეროსა და მისი საქმიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია სამართლიანობისა და უსაფრთხოების ფუძემდებლური პრინციპების საერთაშორისო დონეზე რეალიზებას უზრუნველყოფს.

„გაერო არის ის ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნება სამართლიანობის და უსაფრთხოების პრინციპებს და გაეროს დაფუძნებით საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს პრინციპები, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის ფუძემდებლური პრინციპები და დღეს, გაერო უზრუნველყოფს რეალურად ამ პრინციპების რეალიზებას საერთაშორისო დონეზე. მიუხედავად უამრავი სირთულისა, გაერომ დაიმკვიდრა თავი, როგორც საერთაშორისო პარტნიორობის და საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარმა პლატფორმამ, ამას აღიარებს ყველა და ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო არის ამ პლატფორმის, ამ ფორუმის, ამ ორგანიზაციის ღირსეული წევრი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს, რომელიც გაეროს წევრი 25 წლის წინ გახდა, ორგანიზაციასთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა გაეროსა და  საქართველოში გაეროს განვითარების წარმომადგენლობის საქმიანობის მნიშვნელობა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში, ის თავად იყო წარმომადგენლობის თანამშრომელი.

„ძალიან მნიშვნელოვანია გაეროს წარმომადგენლობის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობის მუშაობა საქართველოში. მე განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს გაეროს განვითარების პროგრამასთან იქიდან გამომდინარე, რომ რვა წლის განმავლობაში ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამშრომელი საქართველოში და ვიცი, თუ როგორ მუშაობს ეს ორგანიზაცია და როგორი ენთუზიაზმით მუშაობს მისი თითოეული წარმომადგენელი, დაწყებული მისი ხელმძღვანელით, დამთავრებული თითოეული უცხოელი თუ ქართველი  თანამშრომლით, რომელიც მოღვაწეობს გაეროს და გაეროს განვითარების პროგრამის თბილისის ოფისში. მათი საქმიანობა, მათი ყოველდღიური ძალისხმევა არის მიმართული იქით, რომ საქართველო განვითარდეს და არის უამრავი რეფორმა, რომელიც ხორციელდება საქართველოში გაეროს და გაეროს განვითარების პროგრამის უშუალო მხარდაჭერით”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ იმ სფეროებზეც ისაუბრა, რომელშიც გაეროს განვითარების პროგრამას მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული და ახლაც ახორციელებს. მისი განცხადებით, გაეროს განვითარების წარმომადგენლობა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ორ ათწლეულზე მეტია, ეხმარება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სფეროებია მმართველობა, სადაც გაეროს განვითარებას წლების მანძილზე აქვს უმნიშვნელოვანესი პროექტები განხორციელებული, ასევე, ეკონომიკური განვითარების კუთხით ხორციელდება უამრავი პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, გარემოს დაცვის სფეროში ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტები, არის უამრავი სხვა სფერო, სადაც გაეროს განვითარების პროგრამა წლების მანძილზე, ორ ათწლეულზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ფუნქციონირებს გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში, მთელი ამ დროის განმავლობაში გაერო და მისი განვითარების პროგრამა ეხმარება საქართველოს იმაში, რომ გაძლიერდეს ჩვენი დემოკრატია, საქართველო გაძლიერდეს ეკონომიკურად, განხორციელდეს სოციალური რეფორმები და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მადლიერნი გაეროს და გაეროს განვითარების პროგრამის ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის”,- აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო და გაერო აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო დონეზეც. მისი თქმით, გაერო უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა იმისთვის, რომ  საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები დაიცვას.

„ეს არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იმისთვის, რომ საქართველომ დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. ჩვენი უმთავრესი მიზანია ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა და გაერო გვთავაზობს ამისთვის საუკეთესო ფორმატსა და პლატფორმას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გაეროსთან, მის წევრ სახელმწიფოებთან ამ ფორმატში იმისთვის, რომ იყოს ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების რეალიზება უზრუნველყოფილი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სტუდენტური კონფერენციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

„ მოხარული ვართ, რომ ვმასპინძლობთ სტუდენტურ კონფერენციას საქართველოს პარლამენტში. ქ არიან წარმოდგენილნი იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც მომავალში უნდა შეიტანონ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი  ჩვენს სტუდენტებს სთავაზობს პლატფორმას და ფორმატს ასეთ დისკუსიებისთვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე,  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები