ირაკლი კობახიძე არჩევნებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს არ გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო უბნის გარკვეულ რადიუსში აქტივისტების ყოფნას აკრძალავს, არ გამორიცხავს.

“თავის დროზე “საარჩევნო კოდექსში” იყო რეგულაცია, რომლის თანახმადაც იყო განსაზღვრული რადიუსი საარჩევნო უბნის გარშემო, სადაც არ შეეძლოთ დგომა ადამიანებს. ეს რეგულაცია გაუქმდა 2010 წელს. თუ არის საჭირო ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. მე პირადად არ მომწონს ის პრაქტიკა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში ათწლეულების მანძილზე, თუმცა აქ არის პარტიების ინტერესი, რომ პრაქტიკა არ შეიცვალოს. მხოლოდ “ქართული ოცნების” აქტივისტები არ დგანან ხოლმე საარჩევნო უბნების გარშემო. ყველასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და საბოლოოდ მივიღოთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, როგორი რეგულაციებით ჩატარდება უკეთესი არჩევნები”,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” კოორდინატორების ქმედება კანონის ფარგლებში იყო.

“აქტივისტები ახორციელებდნენ ამომრჩევლების მობილიზებას. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ ქვეყანაში. მთავარია, რომ ამ დროს არ იყოს გამოყენებული არასამართლებრივი ფორმები. მკაცრად იყო გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილებები, მათ შორის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეხდინათ პირადი ნომრებისა და მსგავსი ინფორმაციის აღრიცხვა. ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები