პრეზიდენტი: დღეს, რუსეთი ჩვენ და ჩვენს მეზობლებს გვიყურებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით

დღეს რუსეთი ჩვენ და ჩვენს მეზობლებს გვიყურებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიურ საინფორმაციო სააგენტო “Agenzia Nova”-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
ჟურნალისტი ინტერესდება, ხედავს თუ არა კონფლიქტური რეგიონების საკითხის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალს პრეზიდენტი.
„საჭიროა მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, მაგრამ არა მგონია ამის დრო იყოს დამდგარი, რადგან არ ვფიქრობ რუსეთი მზად იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან მოსასვლელად ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ სიტუაციის მოგვარებაზე სასაუბროდ.
აშკარაა, რომ იმ მომენტს ველოდებით, როდესაც რუსეთი ამ საკითხს შეხვდება არა პროპაგანდის გზით, არამედ რუსი და ქართველი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. დღეს რუსეთი ჩვენ და ჩვენს მეზობლებს გვიყურებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.
ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პროვოკაციებს არ წამოვეგოთ. დღეს აფხაზეთში სამხედრო წვრთნები განხორციელდა, ასეთი ფაქტები ყოველ დღე ხდება, ისევე როგორც ყოველ დღე ახალი მავთულხლართები კეთდება ჩვენს ტერიტორიაზე; სადემარკაციო ხაზის იქით ხალხია ბლოკირებული. ყველა ეს ფაქტორი წარმოადგენს პროვოკაციას, მაგრამ ჩვენ მშვიდობიანი სტრატეგია გაგვაჩნია და ველოდებით იმ მომენტს, როდესაც შესაძლებელი იქნება ამ პოლიტიკის წარდგენა და ხალხის კეთილდღეობაზე საუბარი ჩვენს პარტნიორებთან ერთად. სანამ ეს მომენტი დადგებოდეს, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების მყარი და უდავო მხარდაჭერა, რომელთაც საერთაშორისო სამართლის დაცვის სწამთ და ამიტომაც ვაფასებთ იტალიის მყარ პოზიციას, რომელიც არ ცნობს რუსეთის პოლიტიკას რეგიონში.
ამგვარი პოლიტიკა არამარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა ჩართული ქვეყნისთვის უარყოფითია, ამით სავაჭრო და კომუნიკაციების პრობლემები იქმნება და ის წარმოადგენს გაურკვევლობის წყაროს აგრეთვე ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“, -აცხადებს პრეზიდენტი.
ჟურნალისტი პრეზიდენტის კონსტიტუციასთან დაკავშირებითაც უსვამს კითხვას და ინტერესდება
რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს ახალმა საკონსტიტუციო კანონმა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე?
„კონსტიტუცია მიმართული უნდა იყოს უკეთესი სტანდარტების მიღწევისკენ. პირველ რიგში მჯერა, რომ ევროპული ქვეყანა და ევროპულ საზოგადოება ვართ, მაგრამ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის ინსტიტუტები და იმედი მაქვს ეს ძალიან მალე მოხდება. ერთ-ერთი მთავარი ეჭვი, რაც გამაჩნია ახალი კონსტიტუციის მიმართ დაკავშირებულია ზოგიერთი ცვლილების 2024 წლამდე ძალაში შესვლის გადადებასთან.
მსურს, რომ ეს ცვლილებები უფრო სწრაფად განხორციელდეს, თუნდაც 2020 წელს. ამ საკითხთან დაკავშირებით შიდა დიალოგი ჩვენს საზოგადოებასთან ინტენსიურად მიმდინარეობს და მეც ამ დებატების მონაწილე ვარ, ის მონაწილე, რომელიც მიმართულია რეფორმირების პროცესის დაჩქარებისკენ“, -აღნიშნავს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები