სასამართლომ პოლიციის უფროსი, რომელმაც ადვოკატი ცემა დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა პოლიციის უფროსის ლაშა კ.ს მიერ, ადვოკატ გიორგი მ.ს მიმართ, ძალადობის გამოყენების ფაქტზე, რა დროსაც ადვოკატმა მიღო სხეულის დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ლაშა კ.ს ბრალი ედებოდა მასში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლაშა კ.-ს შეკამათება მოუვიდა, იმავე განყოფილებაში მისულ ადვოკატ გიორგი მ.-სთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფი – არასრულწლოვნის მიერ დუმილის უფლების გამოყენების გამო. ლაშა კ.-მ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გიორგი მდინარაძეს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ვერ ცნო ლაშა კ.-ს ბრალდება, მასში რომ მან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩაიდინა ძალადობით. შესაბამისად სასამართლომ ბრალდებულის ქმედება გადააკვალიფიცირა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. ბრალდებულის პიროვნების და ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, ლაშა კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა –
12 000 ლარი განესაზღვრა, რაც ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები