თბილისის ეზოებში „კლასობანა“ მოხატეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდმა“ თბილისის ქუჩებში ეზოები „კლასობანას“ ფერადი უჯრებით მოხატა. წინა თაობების ბავშვობის პოპულარული თამაშის ქუჩებში დაბრუნების მიზანია მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მოზარდი თაობის ფიზიკურად გააქტიურება. ამიტომაც „კლასობანა“ იქ იხატება, სადაც არათუ სათამაშოები, სკვერიც კი არ არის. ბეტონის ან ასფალტის საფარზე, ეზოების იმ ნაწილში, სადაც ავტომობილები ვერ წვდებიან, კლასობანას ფერადი უჯრები და რგოლები საგანგებოდ შექმნილი ესკიზებიდან ბავშვების არჩევანით იხატება.

„ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის” დირექტორის, გიორგი მაღრაძის თქმით, დედაქალაქის ქუჩებში იმდენად კრიტიკული სიტუაციაა, რომ „კლასობანას“ ფერადი რგოლების და გრაფების მოსახატად ასფალტის თავისუფალი ნაწილის მოძიება ხშირად სერიოზული პრობლემაა.

„ეზოები იმდენად გადახერგილია ავტოფარეხებით და ინდივიდუალური პარკინგით, რომ მოსახატი ადგილები ძლივს იძებნება, არადა, ბავშვებს ძალიან ახარებთ ამ ტიპის აქტივობა. მოდიან, გვთხოვენ, ყველა კორპუსის წინ მოვხატოთ. ამის მატერიალური შესაძლებლობა რომ გვქონდეს, ყველა კორპუსის წინ სწორედ თავისუფალი ადგილის არარსებობის გამო ვერ მოვხატავთ. ერთგან ისიც კი გვითხრეს, აქ ავტომობილები მოძრაობენ, ეს ნახატები კი ბავშვებს მოიზიდავს და მოძრაობას ხელს შეუშლისო. ჩვენც ეს გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გამოვიდეს ეზოში, იმოძრაონ, გააქტიურდნენ ფიზიკურად, რომ ჯანმრთელი მომავალი თაობა გაიზარდოს. ჩვენი მიზანია, ბავშვებს ბიძგი მივცეთ, დიდი ხნით არ ისხდნენ ტელევიზორებთან, კომპიუტერებთან, სმარტფონებით ხელში და ბევრი იმოძრაონ. ამიტომაც ჩვენი აქციის ფარგლებში, არამხოლოდ თბილისის, არამედ ქუთაისის და რუსთავის ეზოებიც მოიხატა. “ნაკლები მანქანა და მეტი ველოსიპედი”, – ვეტყოდი მათ, ვისაც მიაჩნია, რომ ყოველი ნაბიჯი ავტომობილით უნდა გაიაროს და ამიტომაც ავტომობილის მოსატრიალებელი ადგილები უფრო ანაღვლებთ, ვიდრე ის, სად ითამაშებენ ბავშვები, “ – აღნიშნა გიორგი მაღრაძემ.

კამპანია გაგრძელდება და მისი მიზანია, ფერადი, სხვადასხვა დიზაინის ესკიზებით ბავშვები დააინტერესოს და ფიზიკური აქტივობისკენ უბიძგოს, კლასობანა ისე შეუყვარდეთ, რომ შემდეგ თვითონ დახაზონ და ითამაშონ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში

10-დან 6 ზრდასრულ ადამიანს ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს. 25.1% მსუქანია, 31.4% ჭარბწონიანი, 40%-ს ნორმალური წონა აქვს, 3.6% კი გამხდარია. სხეულის ზედმეტი წონა 56.5%-ს აქვს. მათ შორის არიან მოზარდები, რომლებიც ძირითად დროს უმოძრაოდ, კომპიუტერების და ტელევიზორების წინ ატარებენ. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები