დავით სერგეენკო მარნეულის ინციდენტზე: ერთი სათხოვარი მაქვს, ნურავინ ნუ იჩქარებს პოლიტიკური ახსნა-განმარტების გაკეთებას

ერთი სათხოვარი მაქვს, ნურავინ ნუ იჩქარებს პოლიტიკური ახსნა-განმარტების გაკეთებას,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მარნეულში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს მარნეულის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, მომხდარი გამოძიების საქმეა.
„ერთი სათხოვარი მაქვს, ნურავინ ნუ იჩქარებს პოლიტიკური ახსნა-განმარტების გაკეთებას. ეს არის გამოძიების საქმე. უნდა დაველოდოთ გამოძიებას“ – განაცხადა სერგეენკომ.
სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან დღეს საღამოს თავდასხმა მოხდა. შედეგად დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მდგომარეობის გასაცნობად მარნეულში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მალევე ჩავიდა. ადგილზე იმყოფება ასევე შს მინისტრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი ნემსაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები