დავით სერგეენკო: ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორის კი საშუალო სიმძიმის-თბილისში მათი გადაყვანა არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილი ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორის კი საშუალო სიმძიმის.
როგორც მინისტრმა ჟრნალისტებს მარნეულის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, დაჭრილების თბილისში გადაყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სულ ხუთი პირია დაჭრილი.
„ორი ოპერაცია ახლა დასრულდა. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორის საშუალო სიმძიმის. რაც შეეხება დანარჩენი ორი პირის მდგომარეობას, ვინც ამ კლინიკაში არიან, ისინი მსუბუქად არიან დაშავებული. სულ ხუთი ადამიანია დაშავებული. მეხუთე პირი სხვა კლინიკაშია. მათ შესაბამისი დახმარება ჩაუტარდათ. ორ პაციენტს, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია, დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა, ყოველსაათობრივი გადაფასება. რაც შეეხება თბილისში მათ გადაყვანას, ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან გადაყვანის შემთხვევაში, რისკი უფრო არსებობს. აქ ყველაფერია, რაც მათთვისაა საჭირო, რომ კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდეთ,-განაცხადა სერგეენკომ.
მისივე ინფორმაციით, დაზარალებულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული, მათ შორის მუცლის არეში.
სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან დღეს საღამოს თავდასხმა მოხდა. შედეგად დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროი. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მდგომარეობის გასაცნობად მარნეულში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდა. ადგილზე იმყოფება ასევე შს მინისტრი და ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი ნემსაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები