„მმართველ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, შესაბამისად, შემომწირველთა რაოდენობაც მეტი იქნება“

ბოლო არჩევნებში მივიღეთ მილიონამდე ხმა, შესაბამისად, მხარდამჭერების რაოდენობა ყველაზე მეტია და შემომწირველთა რაოდენობაც, შესაბამისად, მეტი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ შემოწირულობების თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი არის გამჭვირვალე და კანონის შესაბამისი.
„ბუნებრივია, განსხვავება იქნება რამდენიმე გარემოების გამო: მმართველ პარტიას აქვს ყველაზე მეტი საბიუჯეტო დაფინანსება მიღებული ხმების პროპორციულად. მეორე არის წევრთა რაოდენობა – მმართველ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი და ძალიან ბევრი წევრი. ბოლო არჩევნებში მივიღეთ მილიონამდე ხმა, შესაბამისად, მხარდამჭერების რაოდენობა ყველაზე მეტია და შემომწირველთა რაოდენობაც, შესაბამისად, მეტი იქნება. მთავარი არის ის, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. თქვენ ხედავთ, რომ აუდიტის სამსახურში არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს იბარებენ გამოსაკითხად, როგორც ეს ადრე ხდებოდა ხოლმე, არამედ მმართველი პარტიის შემომწირველებსაც. ასე რომ, ყველაფერი არის გამჭვირვალე და კანონის შესაბამისი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების შემომწირველების გამოკითხვებს აწარმოებს, – ამის შესახებ განცხადება გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა გააკეთა. მექვაბიშვილის თქმით, გამოკითხვით, შემომწირველების შემოსავლების წყაროებს ადგენენ. მისი ინფორმაციით, შემოსავლებით პირველ ადგილზე არის „ქართული ოცნება”, მეორეზე „ევროპული საქართველო” და მესამეზე „პატრიოტთა ალიანსი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები