ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურის წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიაში არასამუშაო საათებში მონაწილეობენ

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საბავშვო ბაღების თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ისიც არასამუშაო საათებში.
მისივე თქმით, საბავშვო ბაღების საკითხი NDI -ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მან წამოჭრა და პარტიული და ადმინისტრაციული რესურსების გამიჯვნაზე ისაუბრა.
„საუბარი მქონდა იმ ბრალდებების შესახებაც, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები გვიყენებენ. ჩვენ განვმარტეთ ადმინისტრაციულ რესურსებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, ის რა ფარგლებში მონაწილეობენ ჩვენი აქტივისტები საარჩევნო კამპანიაში და ის, თუ როგორ არის ერთმანეთისგან გამიჯნული ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი. მე პირადად წამოვწიე საბავშვო ბაღების საკითხი და განვმარტე, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლები მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში როგორც აქტივისტები და ასეთი ერთეული შემთხვევებია. საბავშვო ბაღებში და არც სხვა სტრუქტურებში არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საჯარო სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში, თუმცა ეს ხდება არასამუშაო საათებში და არა სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები