ნანა კაკაბაძე პრეზიდენტის დაკითხვას ითხოვს

უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ, რომელიც მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, შენობა უკვე დატოვა. როგორც „კვირას“ ნანა კაკაბაძემ განუცხადა, მან საგამოძიებო უწყებაში საჩივარი გუშინ შეიტანა. საჩივარი 14 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერით გასულ სიუჟეტს ეხება.

კერძოდ, მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

ოხანაშვილი ჩვენებაში ნანა კაკაბაძეს, ადვოკატ ირმა ჭკადუასა და დეპუტატ ეკა ბესელიას საპატრიარქოში არსებულ შეწყალების კომისიის მეშვეობით კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდა.

ნანა კაკაბაძის გარდა, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება ირმა ჭკადუამაც მოითხოვა.

„მე ვითხოვ საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვას, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაციის საფუძველზე. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ნანა კაკაბაძე არის ის ფიგურა, რომ საქართველოს პრეზიდენტზე ზემოქმედება მოეხდინა, რათა შემდგომ პრეზიდენტს რომელიმე პატიმარი შეეწყალებინა?! პრეზიდენტმა უნდა დაადასტუროს ან უარყოს ოხანაშვილის ინფორმაცია ან ამავე საკითხზე დაიკითხოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეწყალების კომისიის წევრები. რაზეც ოხანაშვილი საუბრობდა სასამართლო პროცესზე. თუ გამოძიებამ ჩემი მოთხოვნა გაარკვია და დადგინდა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება, ცრუ ჩვენების მიცემის საფუძველზე. მაგრამ, თუ ოხანაშვილი ინფორმაციის არასწორად გაშუქებაში „რუსთავი 2“-ს დაადანაშაულებს, მაშინ მე მოვითხოვ ტელეკომპანიის მიმართ საქმე აღიძრას და საჩივარს შევიტან „რუსთავი 2“ -ს წინააღმდეგ“ – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები