საქართველოში, გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივ შეხვედრას საქართველო პირველად მასპინძლობს. აღნიშნული შეხვედრა სამმხრივ ფორმატში მეორედ იმართება, რაც ქვეყნებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კოლეგებს ვიზიტისთვის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო მზადაა  თავდაცვითი შესაძლებლობები გააძლიეროს და ნატოს სტანდარტებთან სრულად თავსებადი  მაღალკვალიფიციური შეიარაღებული ძალები  შექმნას.

შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, გენერალმა აკარ ჰულუსმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონული მშვიდობის განმტკიცების მიზნით, ერთობლივი ძალისხმევით მოქმედების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს.

მხარეებმა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის უკვე არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, 2017 წელს საქართველოში ჩატარებული სამხედრო წვრთნები ETERNITY 2017 და „კავკასიის არწივი 2017”, ასევე, სამთო მომზადების ზაფხულის კურსი საბრძოლო მზადყოფნის დონის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია.

შეხვედრაზე გენერლებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს, რაც სამხედრო განათლების კუთხით მუშაობას, სამხედრო წვრთნებისა და ერთობლივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას უკავშირდება.

შეხვედრა ერთობლივ ოქმზე ხელის მოწერით დასრულდა. ოქმის თანახმად, სამი ქვეყნის პირველმა სამხედრო პირებმა რეგიონული და საერთაშორისო დონეზე სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატეს. ოქმში ასევე აღინიშნა, რომ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას სამივე ქვეყანა მხარს უჭერს.

გენერალური შტაბის უფროსების მომდევნო სამმხრივი შეხვედრა 2018 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები