„სილქნეტი“: 6 არხის ერთიან ტრანზიტზე გადასახადთან დაკავშირებით საუბარი მიუღებელია, თუმცა თითოეულ არხზე ცალკეულ პირობებს განვიხილავთ

„სილქნეტი“ , 6 არხის გათიშვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სილქნეტი“ მიუღებლად მიიჩნევს, ერთიან ტრანზიტზე გადასახადთან დაკავშირებით საუბარს და ამიტომ თითოეულ არხს ცალკეული პირობების განხილვას სთავაზობს.
„ჩვენთვის, პირველ რიგში, მიუღებელია ერთ პაკეტად შესყიდვა ისეთი არხების, რომელთაც სხვადასხვა რეიტინგი, შინაარსი და სარედაქციო პოლიტიკა აქვთ და ამავე დროს ბაზრის 80%-ზე მეტს ფლობენ. ამ შეთავაზებით, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ გადაწყვეტილება თითოეულ არხზე ინდივიდუალურად და მომხარებლის ინტერესის გათვალისწინებით, რაც ეწინააღმდეგება ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის ბიზნესპრინციპს. შესაბამისად, 6 არხის ერთიან ტრანზიტზე გადასახადთან დაკავშირებით, საუბარი მიუღებელია. თუმცა, ლოგიკურად მივიჩნევთ პაკეტის დაშლას და თითოეულ არხზე ცალკეული პირობების განხილვას. რაზეც, არაერთხელ ვაცნობეთ მაუწყებელთა წარმომადგენელს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილობით. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონიდან გამომდინარე და ვთვლით, რომ, თუ მოლაპარაკებები სწორად წარიმართება, შევძლებთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის“, – ნათქვამია „სილქნეტის“ განცხადებაში.
40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორი 6 ქართულ არხს დღეს საპროტესტოდ გათიშავს.
როგორც საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეონა ბერუაშვილმა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ეხება ტელეარხებს: „რუსთავი 2″, „იმედი”, „მაესტრო”, „ჯიდიესი”, „მარაო” და „კომედი არხი”.

თეონა ბერუაშვილის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი არის მითითებული ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელებაში თანხის მოთხოვნა, რომელსაც კომპანია „მედია რაითს ჯორჯია” ითხოვდა.
თეონა ბერუაშვილის თქმით, „მედია რაითს ჯორჯიასთან” მოლაპარაკებები რამდენჯერმე გაიმართა, მათ შორის, იყო წერილობითი კომუნიკაციაც, თუმცა მოლაპარაკებები ვერ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები