კომუნიკაციების ეროვნული კომისია საკაბელო ტელევიზიების მიერ ექვსი ქართული არხის გათიშვას ეხმაურება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საკაბელო ტელევიზიების ნაწილის მიერ ექვსი ქართული არხის გათიშვას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომისიამ საკუთარი პოზიცია დაინტერესებულ პირებს წერილობით უკვე აცნობა და საკითხის მიმართ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, კომისია ასაჯაროებს წერილს, რომელიც 28 სექტემბრითაა დათარიღებული.
წერილში, ნათქვამია, რომ კომისიამ საკითხის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ არ აქვს ადგილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას.
შეგახსენებთ, საკაბელო ტელევიზიების ნაწილი ტრანზიტული მაუწყებლობისთვის ერთიანი ტარიფის დაწესებას კონკურენციის დარღვევად მიიჩნევდა. დღეს კი 40-მდე საკაბელო ოპერატორის გადაწყვეტილებით, ექვსი ქართული არხი გათიშეს.
საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის თეონა ბერუაშვილის განცხადებით, ეს ერთგვარი გაფრთხილებაა. „რამდენი ხნით გაითიშება „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ჯიდიესი“, „მარაო“ და „კომედი არხი“ საპროტესტოდ, არ ვიცით. გავუწევთ ანგარიშს არჩევნებს. თუმცა პირველ დეკემებერს ექვსივე არხი ისედაც გაითიშებოდა, ეს მათი მოთხოვნა იყო, იმ შემთხვევაში, თუ კი თანხას არ გადაიხდიდნენ. გააცნობიერონ არხებმა, თუ რა როლი შეასრულეს საკაბელო ოპერატორებმა, მაშინ როცა მათ პრობლემა ჰქონდათ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.
მისივე თქმით, ჩატარდა გამოკითხვა და მომხმარებლები მომსახურების გაძვირების წინააღმდეგი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები