გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
მან მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელთა აქტიური მონაწილეობითაც ნეშტების პოვნა და გადმოსვენება მოხერხდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად ავაშენებთ საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია.
გიორგი კვირიკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა.
„დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, 25 გმირის ნეშტი მივაბაროთ, შესაბამისი პატივით, მიწას. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათმა ოჯახებმა არ იცოდნენ, თუ სად იყვნენ დაკრძალული მათი ოჯახის წევრები. 24 წლის წინ, 27 სექტემბერს ისინი დახვრიტეს. მინდა, მივუსამძიმრო თითოეული მათგანის ოჯახს, მათ ახლობლებს, მთელს საქართველოს. მათ შორის არის სოხუმის მაშინდელი მერი გურამ გაბესკირია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული, ასევე არის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, რომელიც წარვადგინეთ ეროვნული გმირის წოდებაზე. 9 მათგანი წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს”, რომელთა აქტიური მონაწილეობითაც მოხერხდა ნეშტების პოვნა და გადმოსვენება. დღეისთვის უკვე 135 უგზო-უკვლოდ დაკარგულის ნეშტია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” დახმარებით აღმოჩენილი. ძალიან მნიშვნელოვანია, ინფორმაცია, რომელიც არსებობს მოსახლეობაში, მიწოდებული იქნას ამ ორგანიზაციისთვის, რომელსაც აქვს კონფიდენციალობის დაცვის უფლება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებმა შეძლონ თავიანთი წევრების პატივით დაკრძალვა, როგორც ქართველების, ასევე აფხაზებისა და ოსების.
„მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო აფხაზურ მხარეს ამ პროცესში დახმარებისთვის. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ამ ძმათამკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე. დარწმუნებული ვარ, გარდაუვალია, რომ ჩვენ, ქართველები აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები