განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ გიორგი გ.-ს , აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 19 სექტემბერს, ქ. თბილისში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუვიდა ზვიად ლ.-სთან. განაწყენებულმა გიორგი გ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით,  მას დანით კისრის, გულ-მკერდისა და სხეულის სხვა მიდამოში 7 ჭრილობა მიაყენა, რა დროსაც ამ უკანასკნელს ზურგის ტვინი დაუზიანდა.
დაზარალებულს დროულად გაწეული სამედიცინო დახმარებით სიცოცხლე შეუნარჩუნდა, თუმცა მას გულ-მკერდის მეორე მალის დონიდან ქვემოთ დაქვეითებული მგრძნობელობა და შეზღუდული მოძრაობა აქვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიამ, დასაბუთებულად მიიჩნია პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე, ვინაიდან ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ, ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მისი დაკავება მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარების შედეგად, ოზურგეთის რაიონის სოფელ გომში გახდა შესაძლებელი.
შესაბამისად, ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენის, მართლმსაჯულების განხორციელებასა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 29 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები