თბილისის მერიასთან აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც ცნობილია, დაცვის მხარე პროცესზე პოლიციელების დაკითხვას ითხოვს.

ადვოკატი გოგა ონიანი ამბობს, რომ პოლიციელთა ჩვენებები, რომელიც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა, კოპირებულია, რის გამოც ,დაცვის მხარემ პოლიციელთა დაკითხვა მოითხოვა.

„დაახლოებით 20 პოლიციელს ახსნა-განმარტება ჰქონდათ ჩამორთმეული და ყველგან ეწერა, რომ აღნიშნული მოქალაქეები ქაოსურად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ. ეს ფრაზა იყო ოცივე ახსნა განმარტებაში. შესაბამისად, ჩვენ მოსამართლეს ვუთხარით, რომ ეს იყო კოპირებული ახსნა-განმარტებები, არ იყო ეს რეალური ახსნა-განმარტებები და მოვითხოვეთ ყველა ამ პოლიციელის დაკითხვა სასამართლოზე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა“, – განაცხადა გოგა ონიანმა.

დღეს სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებები იქნა წარდგენილი, რომელთა განხილვაც მომდევნო სასამართლო სხდომაზე მოხდება. მოსამართლემ სასამართლო სხდომა 8 ნოემბერს ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის ფაქტს აპროტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები