რატომ ებღაუჭება თანამდებობას ასპინძის გამგებელი?!

ასპინძის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე დამოუკიდებლად აპირებს ასპინძის მერად კენჭი იყაროს. რატომ დამოუკიდებლად? იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ” შეცდომა გამოასწორა და ამჯერად ყოფილი „ნაციონალი” კანდიდატად აღარ წარადგინა, უკეთესი წარსულის ადამიანი – როსტომ მაგრაქველიძე მოძებნა.

რატომ მიდის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ლევან ცაბაძე, ის ხომ 3 წლის განმავლობაში ამ პარტიის მზეს ფიცულობდა და ამტკიცებდა, „ნაციონალებთან” აღარაფერი მაკავშირებს, უკვე განვიწმინდე, მე ის ლევანი (ლეონსიო) აღარ გახლავართო? არა, თურმე სიმართლე ყოფილა, როცა ამბობენ ხოლმე, ყოფილი „ნაცი” არ არსებობსო.

ფოტოები, რომელიც სანდო წყარომ მოგვაწოდა, სწორედ ამას მოწმობს. ნახეთ, როგორ ქეიფობს ცაბაძე „ნაცების“ მაჟორიტარ ტარიელ ლონდარიძესთან და ბესიკ ბერიძესთან ერთად. ბერიძე „ნაცების” ზეობის ხანაში ასპინძის პოლიციის უფროსი იყო, რომელიც,  რასაკვირველია,  ვანო მერაბიშვილმა დანიშნა.

მართალია, ლევან ცაბაძე 2012 წელს, წინასაარჩევნოდ „ნაცების“ მხარდამჭერ შეხვედრებს მართავდა და დიდ აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა, მაგრამ შემდეგ საოცრება ჩაიდინა – ეგრევე გაძვრა, გამოძვრა და „ოცნებაში” ამოყო თავი. მეტიც, მერე იმდენი იჩალიჩა, 2014 წელს ასპინძის გამგებელი გახდა!

თუკი ბატონი ლევანი დამოუკიდებლად იყრის კენჭს, მაშინ „ნაციონალი” აღარ ყოფილაო, – იტყვით თქვენ და მართლებიც იქნებით, მაგრამ როგორც ავი ენები ამბობენ, მას ამჯერადაც „ნაცი” მეგობრების იმედი აქვს. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, ცაბაძე მომავალ ადგილობრივ არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრის, საინიციატივო ჯგუფმა დოკუმენტები და მისი ხელმოწერაც უკვე წარადგინაო. მაშინ მან თავი გაიგიჟა, რას ლაპარაკობთ, ასეთი ჭორი საიდან მოიტანეთო?

„მე არაფერზე მომიწერია ხელი, არანაირი გეგმები არ მაქვს არჩევნებთან დაკავშირებით და ვერც ვერაფერს გეტყვით“,–განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ასპინძის გამგებელმა (29.08.2017).

როგორც ჩანს, აგვისტოში ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ „ქართული ოცნება” ასპინძის მერობის კანდიდატად წარადგენდა და ამიტომაც იძახდა, ცილს მწამებთ, არავითარი პოლიტიკური გეგმები არ გამაჩნიაო. ასეთი მწარე ტყუილების გამო 2015-2016 წლებში ცაბაძეს ასპინძის მოსახლეობაც დაუპირისპირდა. მაგალითად, ლეილა ხმალაძე იმასაც ამბობს, ჩვენს გამგებელს მხოლოდ 9 კლასი აქვს დამთავრებული, უმაღლესი სასწავლებელი, რომლის ყალბი დიპლომიც იყიდა, 8 წლის გაუქმებული იყო, ვითომ რუსეთში დაამთავრა, სინამდვილეში კი დიპლომში სულ სხვა გვარი და სახელი უწერია, ამის თაობაზე სასამართლო პროცესიც კი წააგოო. ხმალაძის შემდეგი ბრალდება ის გახლავთ, რომ გამგეობაში თავის მოადგილეებად “ნაციონალები” დანიშნა.

მეტიც, სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო“ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ლევან ცაბაძეს ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ, უფრო სწორად, თავისი მიზნების გამოყენებაში აგვისტოშივე ადანაშაულებდა. თურმე ამას, ამ გამგებელს 30 აგვისტოს, ააიპი–ების ხელმძღვანელებს ჩაუტარა თათბირი და განუცხადა, ყველა თანამშრომელი (მათ შორის არიან: ბაღების გაერთიანებების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები) უნდა მივიდეს შტაბში და მოაწეროს ხელი ჩემს მხარდამჭერთა სიაშიო. კი, მართალია, მე დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს, მაგრამ დიახაც, თუ თავები არ მოგძულებიათ, მხარი უნდა დამიჭიროთო. “მრავალეროვანმა საქართველომ” ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მიმართა და ხელისუფლებასაც მოუწოდა, წერტილი დაესვა ცაბაძის ფეოდალური მმართველობისთვის ასპინძაში. სწორედ ეს და კიდევ უამრავი ფაქტი გახდა მიზეზი, რომ “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა ცაბაძის კანდიდატურაზე, მაგრამ ის მაინც ჩალიჩობს. სხვათა შორის, 2015 წელს, როცა ბატონ ცაბაძეს, ყოფილ მორაგბეს (აპა? რაგბისტი იყო და თან “ნაცობდა” კიდევაც) პრეტენზიები გაუჩნდა, რაგბის ფედერაციის პრეზიდენტიც უნდა გავხდეო, სამართლიანად დაწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში:

“ლეონსიო, კამერების და სიგნალიზაციის ფირმა რომ გქონდა შენი, იმას ვერ გაუძეხი და ფედერაციას გაუძღვები? გამგებლობაზე შეყენებული გაქ წყალი უკვე და პრეზიდენტობა მოგინდა ეხლა“! (SPORTSAL.GE)

ლევან ცაბაძე (იგივე ლეონსიო), ქართული რაგბის ლეგენდად ითვლება, ამაზე არ დავობენ, აქ საჩოთირო გახლავთ მისი პოლიტიკური კარიერა და როგორც ასპინძაში ამბობენ, დაუოკებელი სურვილი თანამდებობისა, რათა უფრო უკეთესად “დაკრიშოს” საკუთარი ბიზნესები.

ასპინძელების რჩევა: წადი, ლეონსიო, სახლში, მიხედე რაგბსა და ბიზნესს, “ოცნების” წყალობით არც არავინ შეგავიწროვებს და არც არავინ “გაგატყავებს”… ამ თანამდებობაზე, როგორც არ უნდა გაიჭაჭო, მაინც არ გაქვს შანსი, აღარ აგირჩევენ, ტყუილად დროს ნუ დაკარგავ!

გელა ზედელაშვილი

წყარო :leaderinfo.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები