“მუდმივად ვისმენთ „ტკბილ” დაპირებებს–გაგიზრდით პენსიებს, არიქა მოვალთ დაგბანთ ფეხებს”

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა ქვეყანაში არსებულ სოციალურ–ეკონომიკურ პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს.
როგორც გუგავამ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამ მხრივ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა სწორედ არასწორი პოლიტიკური მმართველობის სისტემით არის განპირობებული.
გუგავამ სხვადასხვა კანდიდატები ცრუ დაპირებების გაცემაშიც დაადანაშაულა.
„ქვეყანაში არსებული უმწვავესი სოციალურ –ეკონომიკური მდგომარეობა, ბუნებრივია გამოწვეულია იმ მახინჯი პოლიტიკური მმართველობის სისტემით, რომელიც ქვეყანაშია დამკვიდრებული. ობიექტურად, რომ ითქვას ეს არ წარმოშობილა არსებული ხელისუფლების გამო, დანაშაული და წვლილი მიუღძვის წინა ხელისუფლებასაც, რადგანაც პოლიტიკური სისტემა ემსახურება ოლიგარქიას, ყაჩაღ ბანკირებს, მძარცველ მონოპოლისტებს, ენერგო მაფიოზებს– მათზეა მორგებული ამიტომ არ ვითარდება ეკონომიკა არ იქმნება სამუშაო ადგილები და ყველა არჩევნების წინ მუდმივად ვისმენთ „ტკბილ“ დაპირებებს: რომ –გაგიზრდით პენსიებს,
სოციალურ დახმარებას, არიქა მოვალთ დაგბანთ ფეხებს, ცხარე ცრემლით ტირიან სოციალურად დაუცველებთან მიმართებაში“, –აღნიშნა გიორგი გუგავამ.
მისი თქმით, ქვეყანაში სოციალური სამართლიანობა უნდა დამყარდეს.
როგორც გუგავამ აღნიშნა, ის საბიუჯეტო სიკეთე, სხვა სიმდიდრე რაც გააჩნია ქვეყანას სამართლიანად უნდა გადანაწილდეს მოქალაქეებზე.
„გაკონტროლებული იქნეს მსხვილი ბიზნესი, მათ შორის მსხვილი ბანკები, დღეს მოსახლეობის 90%– ბანკების კაბალაშია გახვეული ისეთი მახინჯი საბანკო სისტემაა, ხელს კი არ უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, პირიქით ახრჩობს“, – აღნიშნა გუგავამ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები