პრეზიდენტი სააკაშვილზე: მან დაამარცხა კორუფცია ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მოღვაწეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეალურად დაამარცხა კორუფცია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოხდა ადამიანების უფლებების შელახვის და მედიის უფლებების დარღვევის ხარჯზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია მისი წინამორბედის პოლიტიკური მემკვიდრეობა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკოსს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე.
„მან რეალურად დაამარცხა კორუფცია. ეს ფაქტია. მან ჩამოაყალიბა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ეფექტურად მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ. ვგულისხმობ მოქალაქეების სერვისებს. ვსაუბრობ საპატრულო პოლიციაზე, საბაჟო და სხვა სამსახურები. ეს ფაქტია და ეს ყველაფერი დღემდე მუშაობს. სამწუხაროდ, ეს მოხდა ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე, მედიის უფლებების დარღვევის ხარჯზე. ესეც ფაქტია. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ამ ფაქტებზე რეაგირება მოახდინა და მისი მთავრობა ჩვენი, „ქართული ოცნების“ მთავრობით შეცვალა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
„დოჟდის“ ჟურნალისტი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებითაც დაინტერესდა, ასევე შეუძლია თუ არა მას საქართველოში დაბრუნება და ხომ არ მოხდება მისი პოლიტიკური დევნა.
„მე ვიცი, რომ საქმეები აღძრულია, თუმცა ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს პროკურატურის საქმეა. მე თქვენ სიმართლეს გეტყვით. ამას გეუბნებით, არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომლიც წარსულში იყო ოპოზიციაში, ის, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო აღძრული საქმეები, ეს არც მაშინ გამაოცებდა და არც ახლა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები