სოზარ სუბარი: ამ ადამიანების გმირობის მაგალითზე უნდა გაიზარდონ მომავალი თაობები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
„სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, რადგან სამშობლოსთვის თავდადების წარმოუდგენელი მაგალითი მისცა თითოეულმა მათგანმა მომავალ თაობებს. ამ ადამიანების გმირობის მაგალითზე უნდა გაიზარდონ მომავალი თაობები. ეს პროცესი ძალიან დიდი ხნის დაწყებულია, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხერხდა უნდობლობის ყინულის გატეხვა, ჩვენსა და აფხაზურ მხარეს შორის. ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და ძალიან დიდი როლი ითამაშა ორივე მხარის მიდგომამ. პოლიტიკა გადავდეთ განზე და ვთქვით, რომ ამოვდივართ სუფთა ჰუმანიტარული მიზნებიდან, რადგან დაკარგულები ყველას ჰყავს, დაკარგულები ჰყავთ, მშობლებსა და შვილებს. ჩვენ უბრალოდ მათი ტკივილი უნდა გავითვალისწინოთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობდა, განსაკუთრებით წითელ ჯვარსა და აფხაზურ მხარეს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. 17 ოქტომბერს, გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ, კი ჩვენი დროის გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები