გიორგი აბაშიშვილი – პრეზიდენტმა იტალიაში აფხაზეთში მიმდინარე ე.წ წვრთნები გააპროტესტა და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვნელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა როგორც ორმხრივ, ისე გაფართოებულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, რომელიც ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ საკითხებს მოიცავს.
“აღინიშნა ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მიმართულებით და, რომელსაც ათვისება სჭირდება.
იტალიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ნამდვილად არის ახალი სტიმული ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისათვის”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა იტალიაში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის კომენტირებისას.
მისი განცხადებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან და ნატოსთან;”კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა იტალიის მხარდაჭერას ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით და ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტმა იტალიის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე, ამ ე.წ. წვრთნების შესახებ, რომელიც ხორციელდება რუსების მიერ და ყურადღება გაამახვილა რუსული მცოცავი ოკუპაციის საკმაოდ სავალალო შედეგებზე”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იტალიის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით და მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა. საქართველოს პრეზიდენტმა იტალიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, იტალიის პრეზიდენტი კი, სიამოვნებით დათანხმდა ამ შეთავაზებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები