საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია რომში, იტალიის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ​ გიორგი მარგველაშვილს კვირინალეს სასახლე დაათვალიერებინა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

შეხვედრისას საუბარი საქართველო – იტალიის ორმხრივი ურთიერთობების და საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას შეეხო.

გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ვრცელი საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან მისი უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის, სადაც იტალია 2 დამკვირვებლითაა წარმოდგენილი.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს პროცესში გამოხატული მხარდაჭერისათვის.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე საქართველო-იტალიის თანამშრომლობის საკითხები უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. იტალიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები 2015 წლიდან თანამშრომლობენ ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმების ფორმატში, რაც ძირითადად ექსპერტთა შეხვედრებს მოიცავს და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით – ინფორმაციული ტექნოლოგიების, სტრატეგიული კომუნიკაციების, განაღმვის, სამხედრო პოლიციის და განათლების საკითხებს. გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების შესახებ.

აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლის მნიშვნელობა და გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. მხარეებმა ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის -TAP მნიშვნელობისა და ამ პროექტში საქართველოს როლის შესახებ.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის არსებული ისტორიული და საუკუნოვანი კავშირების გააქტიურებასა და განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. ამ თვალსაზრისით კი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება აუცილებელია განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში, სადაც ძალიან მზარდი დინამიკა შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები