„საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებისთვის, ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 17:25 საათზე, ი.ბ. ქ.თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა სს „საქართველოს ბანკის“ კუთვნილ თანხას 25 424, 97 ლარის ოდენობით.
სამართალდამცველებმა ი.ბ. 2017 წლის 18 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ბ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები