პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული მსახიობი – ლაშა კურტანიძე შეიწყალა

პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული მსახიობი – ლაშა კურტანიძე შეიწყალა. არსებული ინფორმაციით, მსჯავრდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ ღამით დატოვა. ადვოკატის ცნობით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მას ერთწლიანი სასჯელიდან 5 თვე ჰქონდა დარჩენილი.
ამ დრომდე, სასჯელს იხდის კურტანიძესთან ერთად დაკავებული ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი. უცნობია, მიმართა თუ არა მან პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.
შეგახსენებთ, რომ ლაშა კურტანიძე, ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან ერთად, 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ, კერძოდ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ როსტოშვილს 8 წლით, ხოლო კურტანიძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდა. მეორე ინსტანციაში მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, რომლის მიხედვითაც, ლევან როსტოშვილს 8-წლიანი პატიმრობა, 3-წლიან რეალურ და 4-წლიან პირობით მსჯავრად შეეცვალა, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5-წლიანი პატიმრობის ნაცვლად, ერთწლიანი რეალური და სამწლიანი პირობითი მსჯავრი დაედო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები