„გორგიას“ დამფუძნებლის მძევლად შესაძლო ჩაგდების საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

შპს „გორგიას“ დამფუძნებლის მძევლად შესაძლო ჩაგდების საქმეზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

როგორც განცხადებაში წერია, სასამართლომ გია გორგოშაძის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გია გორგოშაძის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გეგმავდნენ მაღაზიათა ქსელ „გორგიას“ დამფუძნებლის, გია გორგოშაძის მძევლად ხელში ჩაგდებას.

ამისთვის იქირავეს მის მეზობლად ბინა, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგენდნენ დანაშაულის ჩადენის გეგმას და განიხილავდნენ მოქმედების სხვადასხვა ვარიანტებს, მისგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით.

აღნიშნულის განსახორციელებლად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტროშოკი, შესანიღბად ,,პარიკი“ და სხვა ნივთები, რაც ამოღებულია გამოძიების მიერ. მას შემდეგ, რაც შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა დანაშაულის განხორციელებისთვის, ბრალდებულები გ.გ., დ.ფ., რ.მ. და ვ.ვ დაკავებულ იქნენ სამართალდამცავების მიერ, რითაც აღკვეთილ იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. დაკავებულებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს ცხრიდან თოთხმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები