ადვოკატი: გორგოშაძესა და მის ყოფილ მეუღლეს შორის ფულადი გაუგებრობა არსებობდა

გორგოშაძესა და მის ყოფილ მეუღლეს შორის ფულადი გაუგებრობა არსებობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰიპერმარკეტ “გორგიას” ხელმძღვანელის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატმა ნათელა ჩერქეზიამ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.

“გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრი რამ გაზვიადებულია. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ყველაფერი. ვიდეო მასალის ავთენტურობა უნდა დადგინდეს. არ მინდა ისეთ რამეზე ვისაუბრო, რაც ჩემი საქმე არ არის, მაგრამ საქმის მასალებში ჩანს, რომ ბიზნესმენს და მის ყოფილ მეუღლეს შორის არის რაღაც ფულადი გაუგებრობა. მე არ გამოვრიცხავ, რომ საქმის მასალები იყოს სამოქალაქო დავის საქმე”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე ინფორმაციით გორგოშაძის ყოფილი მეუღლე გამოძიებამ უკვე დაკითხა.
შეგახსენებთ, რომ საქმეზე დაკავებულ 4 პირს წინასწარი პატიმრობა დღეს შეეფარდათ. შსს-მ გორგოშაძის გატაცების მცდელობაში ბრალდებული პირები მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები