„გორგიას“ დამფუძნებლის მძევლად ხელში შესაძლო ჩაგდების საქმეზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

შპს „გორგიას“ დამფუძნებლის მძევლად ხელში შესაძლო ჩაგდების საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
განცხადების თანახმად, შპს ”გორგიას“ დამფუძნებლის მძევლად ხელში ჩაგდებისა და მისგან დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნის მომზადებაში ბრალდებულ 4 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

”ვ.ვ.-ს, გ.დ.-ს, რ. მ.-ს, და დ.ფ.-ს ბრალად ედებათ ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, იმ მიზნით რომ, მძევლის გათავისუფლების მოთხოვნით აიძულონ პირი შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ. ასევე, ბრალდებულებს რ.მ.-სა და დ.ფ.-ს ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა შპს „გორგიას“ დამფუძნებლისაგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მიზნით, მის მეზობლად იქირავეს საცხოვრებელი ფართი, საიდანაც უთვალთვალებდნენ გია გ.-ს და სწავლობდნენ მისი გადაადგილების გრაფიკს. ასევე, აკვირდებოდნენ მის ოჯახის წევრებს და ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად. ბრალდებულები ამუშავებდნენ დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოსაყვანად გეგმას და გია გ.-ს მძევლად ხელში ჩაგდების შემდეგ, მისგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მეთოდებს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტროშოკი, პირბადეები, ე.წ „პარიკი“ და ერთმანეთთან დასაკავშირებლად, მობილური ტელეფონები. 2017 წლის 12 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა აღკვეთეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს დანაშაულის ჩასადენად შერჩეულ ბინაში, საიდანაც ამოღებულია დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები.

სასამართლომ, შუამდგომლობის განხილვისას, მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, ბრალდებულთა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 29 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები