“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას იწყებს

დღეს, 13 ოქტომბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ და გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების, სტაჟირებით და სტიპენდიებით ხელშეწყობას ითვალისწინებს.
აღნიშნული თანამშრომლობა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამებზე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებას უზრუნველყოფს.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმაღლესი განათლების პროექტის განმახორციელებელია. აშშ-ის კალიფორნიის შტატის ეს წამყვანი უნივერსიტეტი, უკვე მესამე წელია საქართველოში სტუდენტებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ბაკალავრიატის პროგრამებს სთავაზობს. კურსდამთავრებულები ამერიკულ დიპლომს მიიღებენ.
აღნიშნული თანამშრომლობა ასევე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში გაგრძელდება, რომლის მიზანიც საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობაა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. პროექტების განხორცილება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით ხდება. კომპაქტი არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM) დისციპლინებში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას საქართველოში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები