ფერმერები რუსთავსა და მარნეულში გადამზადების კურსს გადიან

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩინური კომპანიის „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის“ ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ბოლო, რიგით მე-12 ტრენინგი გაიმართა.  ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 35-მდე ფერმერმა 2 კვირიანი ტრენინგი რუსთავსა და მარნეულში გაიარა. ფერმერები ბოსტნეულის მოყვანისა და მზის სათბურების მშენებლობის ჩინურ ტექნოლოგიებს გაეცნენ, რომელიც ენერგოეფექტური და ეკონომიურია.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მზის ერთსივრციანი სათბურები დაათვალიერეს, კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, საქართველოში 500, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კი 80 ფერმერი გადამზადდა.

პროექტის ფარგლებში, ჩინეთის „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა” სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებასა და საწარმოო პოტენციალის ზრდას.

ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით, ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა. პროექტისათვის 20 მილიონი იუანი (3 მილიონი ამერიკული დოლარი) განისაზღვრა.

პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ პირველი ფაზა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დამთავრდება. პროექტის მეორე ფაზა მარნეულსა და წყალტუბოს რეგიონებში მზის სათბურების და სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები